23-03-2018
1921 წლის მარტში ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ, დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
„ დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ისინი“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.