გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: შემთხვევების რაოდენობის შედარებითი ზრდა შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდება

17-05-2020

შემთხვევების რაოდენობის შედარებითი ზრდა შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდება, იმიტომ რომ ეს ძირითადად არის ბოლნისელი ინფიცირებულების კონტაქტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებში 238 პაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათში 18 ახალი შემთხვევა გვაქვს. აქედან 8 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან. ძირითადად, ესაა სოფელი გეტა და სოფელი მუშევანი. კიდევ 8 უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია და მხოლოდ 2 არის ახალი, საკარანტინო სივრციდან შემოსული. ჩვენს ცენტრში მხოლოდ 31 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკული იყო, ასეთად აღარ ითვლება, თუმცა ჟანგბადზე დამოკიდებულად რჩება. შემთხვევების რაოდენობის შედარებითი ზრდა შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდება, იმიტომ რომ ეს ძირითადად არის ბოლნისელი ინფიცირებულების კონტაქტები. ამას შეზღუდვების მოხსნას ვერ დავუკავშირებთ, უბრალოდ ამ 2 პაციენტში გრძელდება კონტაქტების ძიება და დაავადების დიაგნოსტირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930