23-03-2018
გასულ კვირაში, თბილისში რამდენიმე ცნობილი რესტორანი დახურეს. თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კვების 19 ობიექტი შეამოწმეს და 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობა აღმოუჩინეს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მისი აღმოფხვრა საწარმოს დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; კაფე „კალა“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტორმა ვასილ კვერნაძემ უპასუხა.
- ჩვენ განცხადებაში წავიკითხეთ, რომ საუბარი იყო კრიტიკულ შეუსაბამობაზე, რომელიც შეიძლება, ჯანმრთელობისთვის იყოს სახიფათო. უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, რას ნიშნავს ეს დეფინიცია, რა ტიპის საფრთხეზე შეიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან საქმე ეხება ძალიან ცნობილ კვების ობიექტებს?
-კრიტიკული არის შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე წარმოუდგენელი და შეუძლებელი არის ამ შეუსაბამობის აღმოფხვრა კონკრეტულად საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე. ანუ, მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მზადდება სურსათი და საფრთხე ექმნება ამ სურსათის უვნებლობას, ეს პირდაპირი გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, შესაბამისად ჩვენი სამსახური შემოწმების დროს მსგავსი სიტუაციის აღმოჩენისას კანონიდან გამომდინარე მოქმედებს.
-ანუ, აქ საუბარია უფრო ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე თუ არაჯანსაღი პროდუქციის გამოყენებაზე. შეგიძლიათ ამის დაზუსტება?
-აქ საუბარია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე. ასევე შემოწმების დროს სხვადასხვა მიმართულებით მოწმდება ნედლეული, ნედლეულის მიღების წესი, შენახვის, შემდგომი დამუშავების წესი და შესაბამისად რა ეტაპზეც ხდება შეუსაბამობის აღმოჩენა, კანონიდან გამომდინარე შესაბამისი სანქცია იწერება სააგენტოს მხრიდან.
ასევე მინდა განვმარტო და აღვნიშნო, გარდა იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ბიზნეს ოპერატორებთან და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ასევე მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აწვდის მათ სათანადო ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იქნეს სურსათი მიღებული, დასაწყობებული, შემდგომ უკვე ამ სურსათის გადამუშავება რა პირობებში უნდა მოხდეს და რა სტანდარტები უნდა იქნას დაცული იმისთვის, რომ სურსათის საბოლოო სახის მიღებისას გამორიცხული იყოს ყველანაირი საფრთხე.
-კიდევ ერთი საკითხი. ყველა იმ საწარმომ, რომელშიც კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა, ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა ამის შემდეგ რა ხდება? რამდენად არის ჩართული თქვენი უწყება პროცესში, ვადები ეძლევათ თუ არა ამ ობიექტებს, რომ ეს ვითარება გამოასწორონ?
-კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო ვადას არ გასცემს ამ შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის. ამ დროს ჩერდება საწარმოო პროცესი მანამ, სანამ ბიზნესოპერატორი არ გამოასწორებს ამ კონკრეტულ შეუსაბამობას და არ დაწერს განცხადებას გახსნასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ უკვე კანონიდან გამომდინარე ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან ვითარებას და იქ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უკვე უშუალოდ ინსპექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას საწარმოო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. აქვე განვმარტავ იმას, რომ როდესაც არ არის დაწერილი გახსნასთან დაკავშირებით განცხადება, ბიზნესოპერატორს თვითნებურად საწარმოო პროცესის განახლება ეკრძალება.