19-05-2020
დღეს გამართულმა დებატებმა აჩვენა ევროპარლამენტარების მხარდაჭერა იმ ანგარიშის მიმართ, რომელიც მოამზადა სვენ მიქსერმა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა „ქრონიკასთან“ განაცხდა. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში არ უნდა ერეოდეს.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეა და ამ პროგრამის მთავარი მოთამაშე. მე მინდა, ასევე ცალკე აღვნიშნო პანდემიისას საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უკვე რამდენიმე თვეა ევროპარლამენტის დღის წესრიგშია. ჩვენ მონიტორინგს ვუწევდით პროცესების განვითარებას. 8 მარტის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მთავარია, რაზეც პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ, ის შესრულდეს. ეს არის მთავარი ნაბიჯი საქართველოს საზოგადოების გასაერთიანებლად და პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ, ევროკავშირი, არ უნდა ჩავერიოთ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და მათ უნდა აირჩიონ პარლამენტი და ახალი მთავრობა, როგორც ამას ადრეც აკეთებდნენ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს სტაბილური, საქართველომ პატივი სცეს ჩვენს საერთო ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები და მედია თავისუფლება, რაც არის გადამწყვეტი დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის“, - განაცხადა მაკალისტერმა.