22-05-2020
დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში ისევ გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება, რომ 23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 00:00 საათიდან, გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათიც. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და კვლავაც გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ Covid-19-ის გავრცელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში გარკვეული რეგულაციების არსებობა, რათა რისკის ქვეშ არ დადგეს უმთავრესი ღირებულება - ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის პრესსპიკერმა 23 მაისიდან მოხსნილი და დატოვებული შეზღუდვების შესახებ ისაუბრა.
„23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში. ასევე, კვლავ სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ასევე, საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, უქმდება 3 კაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და რჩება მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში. აგრეთვე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.
„ასევე, უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ, ვინაიდან ისინი არიან მაღალი რისკის კატეგორიის ჯგუფში, მივმართავთ რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ ქუჩაში და დარჩნენ სახლში,“ - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად იხსნება შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, კონკრეტულად, საუბარია იმ პროდუქციაზეა, რომელიც აუცილებელია Covid-19-თან ბრძოლისთვის.
„გარდა ამისა, 23 მაისის შემდეგაც კვლავ ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება; ასევე, ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა - გარდა ონლაინ ვაჭრობისა; ასევე, შეზღუდული რჩება ე. წ. მოლების და ბაზრობების ფუნქციონირება (გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ); ასევე, სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ასეთი ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება, გარდა ელექტრონული ფორმისა. ასევე, ზოგიერთი სახელმწიფო სერვისი კვლავ განხორციელდება დისტანციურად,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა - ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც საქმიანობას აგრძელებს, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სურსათის წარმოებისას სავალდებულოა - სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.
„შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე. ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, და გადაწყვეტილებებს მიიღებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
„სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144,“ - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა, შესაძლებელი გახადა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ვინც მიიღებს ტურისტებს. ამ მიზნებისათვის, 15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისათვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან, საქართველო მზად იქნება, მიიღოს საერთაშორისიო ტურისტებიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით.
„მაშინ, როდესაც უქმდება სამართლებრივი შეზღუდვები და იხსნება შეზღუდვების ფართო სპექტრი, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განვითარების მაღალი დონე და რაც შეიძლება სწრაფად სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს,“ - მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.