27-05-2020
რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გახსნილი მზიურის პარკი წყალუხვი წვიმის შემდეგ დაიტბორა – პარკში სანიაღვრე სისტემის დამონტაჟება დაავიწყდათ.
მზიურის პარკში გუშინდელი წვიმის შემდეგ წყალმა სანიაღვრე ჭების თხრილები აავსო, წყალში იყო ჩაძირული ხეები და დაიტბორა სავალი ბილიკებიც.
მოსახლეობას წვიმის ეშინია, ძლიერი ნალექის მოსვლის შემთხვევაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო სტიქიის შეჩერებას ვერ შეძლებს.
სახელმწიფომ რატომ არ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დაცული და უსაფრთხო იყოს აქაურობა. განმეორდება და არ ვიცი, რა იქნება, ძალიან მინდა, რომ დაცული ვიყოთ. მაინც დგება ტბორები და მაინც დგება წყალი, – ამბობს სალომე ჩიკვილაძე.
პარკის ტერიტორიის რეაბილიტაციაზე თითქმის 8 მილიონი ლარი დაჯდა. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ”ამხანაგობა მზიური” და კახი კალაძის ფავორიტი კომპანია “გრინსერვის პლიუსია”. დედაქალაქის მასშტაბურ პროექტებს სწორედ გრინსერვისი ახორციელებს. დოკუმენტებით დგინდება, რომ მხოლოდ სანიაღვრე ჭებისა და წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის 280 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
დედაქალაქის მერი არ პასუხობს კითხვაზე, რატომ დაიტბორა რეაბილიტირებული მზიურის პარკი და რატომ არ იყო მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა. ჟურნალისტებისგან კახი კალაძეს დღეს დაცვის კორდონი იცავდა.
მზიურის პარკი გახსნილია, თუმცა სანიაღვრე ჭების დასამონტაჟებლად ტერიტორიაზე სპეციალური სამუშაოები უნდა კიდევ ჩატარდეს. მშენებელი კომპანია ამტკიცებს, რომ სისტემის მოწესრიგებას სრულად ერთი კვირის ვადაში შეძლებს.
მთავარი არხი