გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Radio Voice of America»(აშშ): აშშ-ს ბიუჯეტი საქართველოსთვის-სულ ცოტა $105 მლნ. და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპანტად რუსეთის დასახელება

25-03-2018

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 1.3 მილიარდი დოლარით - საბიუჯეტო წლის ბოლომდე - 30 სექტემბრამდე დააფინანსებს. პრეზიდენტმა ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა, თუმცა განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ კანონპროექტს ხელს მხოლოდ „ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აწერს“. არადა, რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ თქვა, რომ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას აპირებდა.


ბიუჯეტის უკვე ხელმოწერილი კანონი აშშ-ის არმიისათვის დაფინანსების გაზრდას და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის $21 მლრდ-ის გამოყოფას ითვალისწინებს.


აშშ-ის ბიუჯეტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების“ (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) დახმარებასაც ითვალისწინებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესასრულებლად.


კანონის თანახმად, საქართველოს დასახმარებლად მომდევნო 9 თვის განმავლობაში „არანაკლებ 105,325,000 დოლარი უნდა გამოეყოს“. ბიუჯეტის ტექსტში გაწერილი არ არის, თუ კონკრეტულად რა სახის დახმარება გაეწევა საქართველოს ამ თანხით.


საქართველოსთვის დახმარების გაწევა 2018 წლის ბიუჯეტის კიდევ რამდენიმე მუხლშია ჩადებული. შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის „გავლენის და აგრესიის წინააღმდეგ“ ბრძოლისთვის ევროპისა და ევრაზიის რეგიონზე 250 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა, რომელიც შარშან მხოლოდ 100 მილიონი იყო, რეგიონში სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილდება, მათ შორის, საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლისა და სამართალდაცვის, სამხედრო განათლებისა და ტრეინინგების და უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების დაფინანსების პროგრამებზე. საქართველო თითოეული ამ პროგრამის ნაწილი იქნება.


„საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ - ასეა დასათაურებული შეერთებული შტატების ბიუჯეტის ტექსტში მოცემული გვერდნახევრიანი თავი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება. ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე განცხადებაა. ტექსტში ნათქვამია, რომ „ამ აქტით გათვალისწინებული თანხის არც ერთი ნაწილი არ უნდა მიეცეს იმ ქვეყნების ცენტრალურ მთავრობებს“, რომლებიც „აღიარებენ [ამ რეგიონების] დამოუკიდებლობას ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ“. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის მთავრობა არ დააფინანსებს არანაირ პროექტს, რომელიც „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ხელს შეუწყობს“. ბიუჯეტის კანონი ამერიკის მთავრობას ავალდებულებს თითოეული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორებს სთხოვოს, რომ მათ ხმა არ მისცენ მათი ორგანიზაციების მიერ არც ერთი ისეთი პროგრამის დაფინანსებას, სესხს, თუ ფინანსურ გარანტიას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.


ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ბიუჯეტის ეს კანონი საქართველოს მიმართ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერასაც გამოხატავს. 2018 წლის ამერიკის ბიუჯეტი რუსეთის მიერ საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი განმარტების მიზნითაა დართული) ოკუპაციაზე საუბრობს. ცხინვალის რეგიონი ამერიკის ბიუჯეტის კანონში პირველად 2017 წელს შევიდა და წელს იგივე ტექსტი განმეორდა.


2017 წლამდე საქართველო, ბოლოს 2014 წელს იყო ბიუჯეტის ტექსტში ნახსენები. თუმცა მაშინ, საქართველო მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონტექსტში იყო მოცემული. ბიუჯეტის მუხლს კი „პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი“ ერქვა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930