გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„ნეზავისიმაია გაზეტა“(რუსეთი): არსებობს თუ არა მოსკოვისა და თბილისის მორიგება-შეთანხმების შანსი?

26-03-2018

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობა თანამედროვე ეტაპზე, თბილის-ცხინვალს შორის მომხდარი ბოლოდროინდელი ინციდენტის - არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფონზე.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას, რომლის ავტორია ნიკოლაი სილაევი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის/უნივერსიტეტის კავკასიის პრობლემების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.


„სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 22 თებერვალს დაკავებული და შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს გადასცა. იგი უკვე დაკრძალეს... თუმცა ამ სამწუხარო ისტორიაში წერტილი ჯერ არ დასმულა. არავისთვის არაა საეჭვო, რომ საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზა ისეთ დასკვნას მოამზადებს, რომლის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილი წამებით დაიღუპა. ასევე არავისთვის არ უნდა იყოს მოულოდნელი, რომ მის დაღუპვაში საქართველო რუსეთს დაადანაშაულებს, რადგან, თბილისის აზრით, სამხრეთ ოსეთი [როგორც სახელმწიფო] არ არსებობს. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს - იმის დამატებით, რაც უკვე მოსკოვს ყირიმის მიერთების გამო დასავლეთმა გამოუცხადა. ქართველი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მკაცრ განცხადებას გააკეთებს რუსეთის მიმართ და ხმამაღლა გმობენ ყოველ განზრახვას მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხში. ამ ფონზე მაინც გაისმის რაღაც მინიშნებები მოსკოვის მიმართ ოფიციალური თბილისის პოზიციის მოდიფიცირების თაობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა.


პრემიერ-მინისტრის მიერ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება სხვადასხვანაირად აიხსნას. შესაძლოა მისი განცხადება ნაკარნახევი იყო საშინაოპოლიტიკური კონიუნქტურით: გიორგი კვირიკაშვილმა გამჭვირვალედ მიანიშნა რუსეთს, რომ მოსკოვმა ხელი უნდა შეუწყოს არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული მწვავე სიტუაციის განმუხტვას, ან პრემიერი ცდილობდა აერიდებინა მისკენ მიმართული კრიტიკა, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თბილისს ძალიან ცუდად ესმის, რუსული პოლიტიკისა და დიპლომატიის განხორციელების გზები და რომ საქართველო ვერ ანგარიშობს წინასწარ ერთი ნაბიჯით მაინც, თუ რა შედეგი მოჰყვება მის განცხადებას და მოქმედებას.


როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწონებით შეხვდა გ.კვირიკაშვილის განცხადებას და თბილისს სამხრეთ ოსეთთან დიალოგი შესთავაზა, ანუ სწორედ ის პირდაპირი დიალოგი, რომლის შესახებაც პრემიერი ლაპარაკობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებას მეტი არაფერი შეეძლო: მოსკოვს არ სურს რაიმე ისეთი პრეცედენტის შექმნა, როცა მესამე მხარე, მოსკოვის საშუალებით, ცხინვალზე გავლენას მოახდენს. ასეთი პრეცედენტი გამოიწვევდა რუსეთის პრინციპული პოზიციის დარღვევას, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ყველა ის საკითხი, რომელიც მას ეხება, სწორედ ცხინვალთან მოლაპარაკებით უნდა გადაიჭრას. პრემიერის განცხადება თბილისშიც ნეგატიურად იქნა შეფასებული: ოპოზიცია მას ისე მწვავედ აკრიტიკებდა, რომ ლამის იყო „მოღალატედ“ შერაცხეს. კიდევ კარგი, რომ გიორგი კვირიკაშვილს გვერდზე აშშ-ის ელჩი იან კელი დაუდგა, რომელიც ქართულ შიდაპოლიტიკურ დავებში უზენაესი არბიტრის როლს ასრულებს ხოლმე: ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სწორი მიდგომა აქვს „ჟენევის ფორმატის“ მიმართ.


შესაძლოა, პრემიერმა, უბრალოდ, შეცდომა დაუშვა და განცხადებისთვის ცუდი დრო შეარჩია და სწორად ვერ განსაზღვრა მოსკოვის რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია ყველაზე რეალური ჩანს, სხვა მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ: საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რათა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივა სულ უფრო მეტად ილუზორული გახდეს. ქართული საზოგადოების თვალში ხომ სიტუაცია ასე გამოიყურება: თბილისი შემრიგებლურ ნაბიჯებს დგამს, მოსკოვი კი მას ცხინვალთან აგზავნის, დიალოგის მეშვეობით საქმეები „სეპარატისტებთან“ უნდა მოაგვაროო. უფრო ზუსტად, „სეპარატისტებთან“ კი არა - ასეთები საქართველოში ოფიციალურად არ არსებობენ - არამედ „ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან“.


თუ ასეა, მაშინ ქართველ დიპლომატებს საიმედო ზურგი უჩნდებათ, რომ თავიანთი პოზიციიდან არ დაიხიონ - აი, შეხედეთ, რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია. იგივეა ქართული საზოგადოების თვალსაზრისითაც: რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება სარისკოა - პუბლიკა დარწმუნდა, რომ მოსკოვი თბილისიდან გაწვდილ ხელს უარით პასუხობს.


მაგრამ შეიძლება ისიც წარმოვიდგინოთ, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ტაქტიკას კი არ გამოხატავს, არამედ სტრატეგიას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არა მარტო წარუმატებელი მცდელობა იყო ცხინვალზე გავლენა მოსკოვის მეშვეობით მომხდარიყო, ან პასუხისმგებლობა მოსკოვზე გადაბრალებულიყო, არამედ ის გამოხატავს იმ შემობრუნებას, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში ხდება რუსეთის მიმართულებით.


ამ ვერსიის სასარგებლოდ ისიც მიანიშნებს, რომ საქართველოს პრემიერი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ დეკემბერში ალაპარაკდა, მარტში კი ზოგიერთი სიტყვა ისევ გაიმეორა, მაგალითად, პირადად მიიღოს მონაწილეობა ჟენევის დისკუსიებში. კიდევ ერთი მომენტი - საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ მიმდინარე დისკუსიის პერსპექტივამ ბოლო ხანს უჩვეულო ელფერი შეიძინა: ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა თბილისს ახალი სქემა შესთავაზა - ალიანსის წესდების მე-5 მუხლი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე არ გავრცელდებაო. ასეთი თვალსაზრისი კულუარებში უკვე საკმაო ხანია გაისმის, მაგრამ მისი ხმამაღლა გაჟღერება იმის აშკარა აღიარებას ნიშნავს, რომ საქართველოს მიღება ნატოში, თავისი ორი მოუგვარებელი კონფლიქტით, ძალიან გართულებულია. ამავე დროს ისიც ფაქტია, რომ ქართველი ამომრჩევლებიც თანდათანობით იღლებიან აუსრულებელი დაპირებებით ნატოსთან დაკავშირებით.


თბილისი, ალბათ, იმედოვნებდა, რომ რუსეთი, ბოლოსდაბოლოს, დასავლური სანქციების წინაშე კაპიტულაციას მოახდენდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს იმედი ჯერ კიდევ ცოცხლობს, მაგრამ საქართველოს თვალში ვადებმა აშკარად გადაიწია: თბილისი ხედავს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთში მცირე, მაგრამ მაინც არის ეკონომიკური ზრდა, სახეზეა რეკორდულად დაბალი ინფლაცია, იქმნება ახალი იარაღი და ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს. პრინციპში, ყოველივე ამას შეეძლო საქართველოს ხელისუფლება პოზიციის კოსმეტიკური მოდიფიკაციისაკენ ებიძგებინა.


საქართველო რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში უკვე აღარ შედის. ჯერ ერთი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო როგორც პრობლემური ქვეყანა უკრაინამ დაჩრდილა. მეორე - რუსეთისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენები სირიაში ხდება; მესამე - დასავლეთთან ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ მის ფონზე თბილისთან უთანხმოება ძალიან წვრილმანია. თუმცა ამ ყველაფერს პირიქითა მხარეც აქვს: მოსკოვისთვის სასარგებლო იქნება თუნდაც მცირე წარმატება საქართველოსთან ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, არა პრინციპული პოზიციების უკანდახევის ხარჯზე.


გასაგებია ის უშუალო ნაბიჯებიც, რომლებიც მხარეებმა შეიძლება გადადგან პოზიტიური შედეგის მისაღწევად. მაგალითად, ამას წინათ გრიგორი კარასინმა მიანიშნა, რომ თუ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყება, შეიძლება რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გააუქმოსო. ამის გამოცდილება უკვე არსებობს: მართალია, მხარეებს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ, მაგრამ სოჭის ოლიმპიური თამაშებისას ქართული და რსუსული სპეცსამსახურები საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია.


თვის მხრივ, ქართულ მხარეს შეუძლია ჟენევის დისკუსიებში ბარიერები მოხსნას - დათანხმდეს ერთობლივი დეკლარაციის ტექსტზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ და შეწყვიტოს გაეროს გენერალურ ასამბლეაში ცალმხრივი და პოლიტიზებული რეზოლუციების პრაქტიკა, რომელიც ლტოლვილებთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, დეკლარაციის ტექსტი უკვე მზადაა, მაგრამ არ მიღებულა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ ბოლო მომენტში მასში ახალი პუნქტის შეტანა მოითხოვა: თბილისს სურს, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები იქნენ დაშვებულნი (ცხინვალი და სოხუმი ამის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თბილისთან კი არ უნდა აწარმოონ მოლაპარაკება მისიების შესახებ, არამედ მათთან და საერთოდ, ამ საკითხს ძალის გამოუყენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვსო). რაც შეეხება გაეროს რეზოლუციებს, მართალია, მათ არავითარი პრაქტიკული აზრი არ აქვთ, მაგრამ სანამ თბილისი ამას აკეთებს, ჟენევაში რაიმე წარმატება არ იქნება.


დაბრკოლება კიდევ იმაშიცაა, რომ თბილისში არსებული დაძაბული ატმოსფერო მოლაპარაკება-შეთანხმებას ხელს უშლის: ქართველი დიპლომატებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან რუსეთს ბრიუსელში და ვაშინგტონში უჩივლონ, ძნელი იქნება მოსკოვთან შინაარსობრივი მოლაპარაკება აწარმოონ... და ისეთ სამწუხარო და მოულოდნელ მოვლენებს, როგორიც არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვაა, ყოველ მომენტში შეუძლიათ მოსკოვ-თბილისის შეთანხმების დარღვევა“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930