26-03-2018
პროფკავშორების ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროში სამაშველო ოპერაცია დასრულდა და გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია თითქმის ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უბედური შემთხვევა დღეს დილით 5 საათზე მოხდა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.
როგორც მაღაროელები ამბობენ, მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა.
მაღაროელების თქმით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა, ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირებიც. კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს.