გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ბავშვთა კეთილდღეობა და სიღარიბის დაძლევა, შშმ ბავშვებზე სათანადო ზრუნვა, განათლების ხელმისაწვდომობა, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ის თემებია, რომლებიც არც ერთი დღე არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან

1-06-2020


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ საკმაოდ ბევრი გააკეთა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვებისთვის და ამაში დიდია როგორც პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის როლი.

როგორც ნათია მეზვრიშვილი წერს, ბავშვთა დაცვის მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა აქვს მსოფლიოში, რომლის სწორად აღსრულებისკენაც უნდა მიიმართოს მთელი ძალისხმევა.

„იმედი მაქვს მოვა დრო, როცა ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე მხოლოდ 1 ივნისს არ ვისაუბრებთ. და მაინც:
ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ საკმაოდ ბევრი გააკეთა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვებისთვის და ამაში დიდია როგორც ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის როლი.
გვაქვს ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა მსოფლიოში, რომლის სწორად აღსრულებისკენ უნდა მივმართოთ მთელი ჩვენი ძალისხმევა.
კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გაცილებით მეტი ბავშვია განრიდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას, ვიდრე დასჯილი.
შეცვლილი ცნობიერების შედეგია ის, რომ პრობლემის წარმოშობისთანავე პრევენციის გზას ვეძებთ და არა - დასჯის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად. ბავშვთა კეთილდღეობა და სიღარიბის დაძლევა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სათანადო ზრუნვა და სოციალური პირობების შექმნა, განათლების ხელმისაწვდომობა, მართლმსაჯულების განხორციელებისას მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. - ეს ის თემებია, რომლებიც წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან”, - წერს ნათია მეზვრიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930