2-06-2020
ახალი წყაროს გაჩენამ გარკვეულწილად ცოტა შიში გამოიწვია, რომ შეიძლება სიტუაცია უმართავი გამხდარიყო, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი კვლავ კონტროლს ემორჩილება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერის წყაროს პირველადი კონტაქტები მრავალია, ყველა მათგანი მოძიებულია და კვლევა გრძელდება.
„როდესაც 14-დღიანი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში გამოვლინდება დაავადება სხვადასხვა სიმპტომით, ეს იქნება ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ამ პირების გამოკვლევა მაშინვე ჩატარდება, თუ არადა, გამოკვლევების ჩატარება მოხდება საკარანტინო დღეების გავლის ბოლო პეროდისთვის, რომ სწორად შეფასდეს პაციენტების ინფიცირების ხარისხი. ამ შემთხვევაში, ჩატარდება როგორც PCR, ასევე სეროლოგიური კვლევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ამ ორივე მეთოდოლოგიით ძალიან დაბალი რისკი გვექნება, რომ ინფიცირებული გამოგვეპაროს და ის შემდგომში დაავადების გავრცელების წყარო გახდეს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.