2-06-2020
კორონავირუსის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, პრინციპში საცხოვრებლად სტაციონარში გადმოვედი. ძირითადი ჩემი ცხოვრება სამსახური გახდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დროული ჩარევა არ მოხდებოდა, კლინიკაში მყოფი 20-25 პაციენტის მდგომარეობა ცუდად დამთავრდებოდა.
„სწორად გათვლილი სიმპტომატიკის თერაპიის ფონზე ჩვენ ბევრი პაციენტი არ დაგვიმძიმდა და მათი გადარჩენა შევძელით“, - აღნიშნა ენდელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსი მალე არ დაგვტოვებს, ჩვენ მასთან და გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრებას მივეჩვევით.
საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.