2-06-2020
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას აშშ-ის კონგრესმენ, მარიო დიაზ-ბალარტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
მხარეებმა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში.
განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ 19 - ის საპასუხოდ, მათ შორის, ეკონომიკის გახსნის მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. საუბრისას, პანდემიასთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უმნიშვნელოვანესი როლი აღინიშნა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკელ კოლეგას ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესზე, უკანონო სამხედრო წვრთნებზე, მკურნალობის მიზნით გადაადგილების შეუძლებლობით ჩვენი მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტებზე, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, რაც კიდევ უფრო გააქტიურდა ბოლო პერიოდში, აგრეთვე გასული წლის შემოდგომაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ოკუპანტი სახელმწიფოს ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზე. მან საუბრისას ხაზი გაუსვა ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის, ასევე ნატო-სთან პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ინსტრუმენტების განხილვას. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღის უსაფრთხოების კონტექსტში, ნატო-ს 2020 წლის 2 აპრილის მინისტერიალზე განსაზღვრული საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ, საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილზე ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ზოგადად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„კონგრესმენი მარიო დიაზ-ბალარტი საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი დემოკრატიული მოკავშირეა და შესაბამისად, შეერთებული შტატები გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.