გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგო 75 წლის გახდა

3-06-2020

ცხრა წლის პეპი, საბავშვო მოთხრობების ყველაზე მამაცი და ცნობილი გოგო, რომელსაც არ სურდა, რომ გაზრდილიყო, 75 წლის გახდა.

შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნის პერსონაჟი – პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი – 1941 წელს „დაიბადა“. პირველი წიგნი კი 1945 წელს დაიბეჭდა. სწორედ აქედან ითვლება პეპის ასაკიც. პეპი გრძელწინდა თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

„რადგან სახელი იყო საოცარი, პერსონაჟიც საოცარი გამოვიდა“, – ასე ამბობდა თურმე ასტრიდ ლინდგრენი პეპის შესახებ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს კარინი, ასტრიდის შვილი, ფილტვების ანთებით გახდა ავად. გოგონამ დედას სთხოვა, ნაცნობი ზღაპრები არ მინდა, პეპის ამბავი მომიყევიო.

„სახელი საიდან მოვიფიქრე, ახლა ზუსტად არც მახსოვს“, – ჰყვება ინტერვიუში კარინი. – „წინასწარ არ მიფიქრია. საქმე ის არის, რომ გართობა მინდოდა და დედასთვის რაღაც კარგი იდეა უნდა მიმეწოდებინა. აი ასე – როცა მე ავად ვიყავი და სიცხიანი ვიწექი, დაიბადა პეპი“.

დღეს ასტრიდ ლინდგრენის ოჯახი პეპიზე საავტორო უფლებას ფლობს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება იმას, თუ რა კონტექსტში იქნება გამოყენებული ეს სახელი.

„ჩვენ თეატრებს და კინორეჟისორებს უარს არ ვეუბნებით, თუკი პროდუქტი ხარისხიანი იქნება და მკაცრად მიჰყვებიან ორიგინალს. ერთხელ, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდის რეკლამისთვის გვთხოვეს პეპის სახლის გამოყენება, რაზეც კატეგორიულად, დაუფიქრებლად უარი ვთქვით, თუმცა, მაგალითად, გამოეყენებინათ თუ არა პეპი ბავშვებისთვის საგზაო წესების სახელმძღვანელოში, ცოტა ხანს ვიფიქრეთ, მაგრამ შემდეგ მათაც უარი ვუთხარით“, – ამბობს ასტრიდ ლინდგრენის ქალიშვილი კარინ ნიმანი.

კარინ ნიმანი

ჩვენ კი გილოცავთ ყველას, ვისაც გიყვართ პეპი – გოგონა, რომელიც ვილა ყიყლიყოში ცხოვრობს ცხენთან და მაიმუნთან ერთად და წვიმაში ყვავილებსაც სიამოვნებით რწყავს: „მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო? ვფიცავ არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა“.

თარგმანი digest.pia.ge

nostal.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930