3-06-2020
საბურთალოს კლასტერიდან 24 დადებითი შემთხვევაა დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და კვლევა კიდევ გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები იყო - 26, 11, ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ეს დაკავშირებული იყო სწორედ იმ ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, როგორიც სოფელი მუშევანია, იქ 19 შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული. ასევე, უკავშირდება საბურთალოს კლასტერს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, დღეში ოთხი, სამი თუ ათი შემთხვევა იქნება, ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.