3-06-2020
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხის აღებისათვის შუამავლობას სთავაზობს, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საუბარია კომპანია Mazilla.ge - ზე, რომელიც ინფორმაციაში მოხსენიებულია როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
Mazilla.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას.
ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები არასანქცირებულ გადარიცხვებს ახორციელებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებგვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406"-ნათქვამია განცხადებაში.