გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არსებობს თუ არა კავშირი 5G მობილურ ინტერნეტსა და COVID-19-ს შორის? მითი და რეალობა

4-06-2020

ადამიანის ჯანმრთელობაზე 5G მობილური ინტერნეტის სავარაუდო ნეგატიური გავლენის შესახებ თეორია დაახლოებით რამდენიმე წელია არსებობს. თავდაპირველად შეთქმულების თეორეტიკოსებს მიაჩნდათ, რომ 5G კიბოს იწვევს, თუმცა COVID-19-ის ეპიდემიის დაწყებისთანავე ის სწორედ SARS-CoV-2-ს (ახალი კორონავირუსი) დაუკავშირეს. თავდაპირველად მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელ Facebook-ში იანვრის ბოლოს, როდესაც აშშ-ში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.


რა შუაშია 5G?


5G-თან ომის გამოცდილი ვეტერანები და ნეოფიტები ამტკიცებენ, რომ მასობრივი რესპირატორული დაავადების უკან არა ვირუსი, არამედ 5G სიხშირე დგას. შეთქმულების თეორეტიკოსების თქმით, სწორედ 5G სიხშირე აიძულებს ჟანგბადის მოლეკულებს "წამში 60 მილიარდი ჰერცის სიხშირით გადაადგილდნენ", რის შედეგადაც მათ ადამიანის სისხლში ჰემოგლობინთან დაკავშირება არ შეუძლიათ.  „ეს იგივეა, რომ ეცადო, ხელით დაიჭირო ის სამართებელი, რომელიც წამში 60 გიგაჰერცის სიჩქარით მოძრაობს“, - წერს Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებელი. 


ამავე თეორიის თანახმად, COVID-19-ით დაავადებული პაციენტი სინამდვილეში განიცდის ჰიპოქსიას (ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა), რომელიც "5G რადიაციით" არის გამოწვეული. ამის „დადასტურებად“ კონსპიროლოგები მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ქალაქი უჰანი (სადაც ეპიდემია დაიწყო) იყო პირველი (სინამდვილეში კი ერთ-ერთი პირველთაგანი), სადაც ზუსტად 2019 წლის შემოდგომაზე 5G ქსელის გაშვება სცადეს. ზოგს იმისიც ჯერა, რომ „ახალი კორონავირუსი -5G“-ს  ტანდემს წინამორბედებიც ჰყავდა. შეთქმულების თეორეტიკოსების მტკიცებით, 2003 წელს SARS-ის („ატიპური პნევმონია“) ეპიდემია 3G ქსელის გავრცელებასთან იყო დაკავშირებული, 2009 წელს „ღორის გრიპის“ აფეთქება კი 4G ქსელს უკავშირდება. უფრო მეტიც, კონსპიროლოგებმა 1918 წლის ესპანური გრიპის იმავე „ესპანკის“ ეპიდემიის მიზეზების ძიება დაიწყეს და ის რადიოს გავრცელებას დაუკავშირეს. 


5G-სა და COVID-19-ის ურთიერთკავშირის შესახებ შეთქმულების სხვა თეორიებიც არსებობს. ზოგი კონსპიროლოგი ამტკიცებს, რომ 5G-ს იმუნური სისტემის დაზიანება შეუძლია, რაც ადამიანს ახალი კორონავირუსისადმი უფრო მოწყვლადს ხდის. სხვები კი ფიქრობენ, რომ 5G ტექნოლოგიების გამოყენებით როგორღაც შესაძლებელია COVID-19-ის მასობრივი გავრცელება. 
5G-ისა და ახალი კორონავირუსის კავშირის შესახებ შეთქმულების თეორიამ ონლაინ-სივრციდან მალევე რეალურ სამყაროში გადაინაცვლა, რამაც ქსელის გავრცელებას გარკვეული ზიანი მიაყენა. 

აპრილის დასაწყისში ბრიტანული პრესა 5G ანტენების სავარაუდო წინასწარგანზრახული დაზიანებების შესახებ წერდა. მსგავსი ინციდენტები, სულ ცოტა, ორ დიდ ქალაქში - ბინმინგემსა და ლივერპულში მოხდა. გარდა ამისა, ჟურნალისტები წერდნენ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთ შემთხვევაზე იმ ინჟინრების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში 5G ქსელის გასაშვებად საჭირო მოწყობილობებს ამონტაჟებენ. Twitter- ზე პოპულარული გახდა ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის თანამშრომლებს ქალი შეურაცხყოფას აყენებს. 

მსგავსი შინაარსის ვიდეო თუ ფოტომასალებს იზიარებდნენ Facebook-ზე, YouTube-სა და Instagram-ზე ის მომხმარებლები, რომლებსაც ასობით და ათასობით გამომწერი ჰყავთ. შესაბამისად, ამ კამპანიამ მასობრივი ხასიათი მიიღო.


რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს თეორიები?


2014 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მობილური ტელეფონის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი დამტკიცებული არ არის. თუმცა ჯანმომ კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად "შესაძლო კანცეროგენების" კატეგორიაში შეიყვანა ყველა რადიოსიხშირული გამოსხივება. მათ შორის არის  მობილური სიგნალი. მაგრამ საინტერესო ფაქტია ის, რომ ამ ჩამონათვალში დამარინადებული ბოსტნეული და ტალკიც შედის. ამავდროულად, ალკოჰოლი და გადამუშავებული ხორცი პოტენციურად უფრო საშიშ კატეგორიაში მოხვდა. 

ზოგადად, მეცნიერები და რეგულატორები მიიჩნევენ, რომ 5G სიხშირე, წინა სტანდარტების მსგავსად, ადამიანებისთვის უსაფრთხოა. გარდა ამისა, ახალი კორონავირუსი გავრცელდა ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც 5G ქსელი ჯერ კიდევ არ არის. მათ შორის არის ირანი. 

შეთქმულების თეორია იმის შესახებ, რომ 5G ახალი კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობს, სამეცნიერო საზოგადოებამ მკაცრად გააკრიტიკა. რიდინგის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა (მოლეკულური ბიოლოგიის დარგში) საიმონ კლარკმა, ამ მოსაზრებას „სრული სისულელე“ და ბიოლოგიურად შეუძლებელი რამ უწოდა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სამედიცინო დირექტორმა სტივენ პოვისმა კი შეთქმულების თეორიები „გაყალბებული ახალი ამბების ყველაზე ცუდ ვერსიად“ შეაფასა. 

 „იდეა, რომ 5G თქვენს იმუნურ სისტემას აზიანებს, კრიტიკას ვერ უძლებს“, - აცხადებს პროფესორი კლარკი. მისი განმარტებით, ადამიანის იმუნური სისტემის დასუსტება ძალიან ბევრ რამეს შეუძლია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გადაღლა ან კვების არასწორი რეჟიმი. ამას, შესაძლოა, დრამატული შედეგი სულაც არ მოჰყვეს, მაგრამ ვირუსებით უფრო ადვილად დაინფიცირდეთ. 

მეცნიერის განმარტებით, ძალიან ძლიერ რადიოტალღებს ნამდვილად შეუძლია ორგანიზმი გაახუროს, მაგრამ  5G ნამდვილად არ არის იმ სიძლიერის, რომ ადამიანის სხეულში რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის გამომწვევი სიმხურვალე წარმოქმნას. „რადიოტალღებს თქვენი ფიზიოლოგიის დარღვევა შეუძლია, რადგან ისინი თქვენ გახურებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს იმუნურ სისტემას ფუნქციონირება არ შეუძლია. მაგრამ 5G-ის რადიოტალღები იმდენად მცირეა და არ არის საიმისოდ ძლიერი, რომ თქვენს იმუნურ სისტემაზე გავლენა იქონიოს. ამაზე ძალიან ბევრი კვლევა არსებობს“, - აცხადებს კლარკი. 

5G-ისა და სხვა მობილური ტელეფონის ტექნოლოგიაში გამოყენებული რადიოტალღები ელექტრომაგნიტური სპექტრის დაბალ სიხშირეს განეკუთვნებიან. ისინი გაცილებით სუსტია, ვიდრე ხილული შუქი, ამიტომაც მათ უჯრედების დაზიანება არ შეუძლიათ იმ მაღალი სპექტრის გამოსხივებისგან განსხვავებით, რომელსაც მზის სხივები და სამედიცინო რენტგენი შეიცავს. 5G ტექნოლოგიით ვირუსის გავრცელებაც შეუძლებლად მიაჩნია ბრისტოლის უნივერსიტეტის პედიატრიის პროფესორს ადამ ფინს.

"ახლანდელი ეპიდემია გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ერთი ინფიცირებული ადამიანიდან მეორეს გადაეცემა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სიმართლეა. ჩვენ გვაქვს ჩვენს ლაბორატორიაში გამოზრდილი ვირუსიც, რომელიც ამა თუ იმ ავადმყოფობის მქონე პირისგან მივიღეთ. ვირუსები, ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებიც  მობილურ ტელეფონებს ქმნიან და ინტერნეტ-კავშირის ფუნქციონირება სხვადასხვა რამ არის. ისევე განსხვავებული, როგორც ცარცი და ყველი”, - აცხადებს პროფესორი ფინი.


როგორ და რატომ ვრცელდება დეზინფორმაცია ასე სწრაფად? 


ზოგადად, ეპიდემიის პირობებში დეზინფორმაციის გავრცელება და შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილება განსაკუთრებით მძაფრდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანები ცდილობენ თავი სანდო ინფორმაციის მქონე წყაროდ წარმოაჩინონ და გარკვეული ინტერპრეტაციები აკეთონ. ზოგისთვის ეს „ჰობი“ სულაც არ არის, ამით ამ ადამიანების კატეგორია ფულს გამოიმუშავებს. 


მეცნიერებისა და ფსიქოლოგების განმარტებით, ადამიანი, რომელსაც ერთი შეთქმულების თეორიის სჯერა, მეორესაც ადვილად ირწმუნებს. ეს ასე მოხდება მაშინაც კი, თუ პირველ შემთხვევაში კონსპირაცია არ დადასტურდა. სპეციალიტები ამბობენ, რომ რეცესიის დროს, რაც პანდემიის შემდეგ გარდაუვალია, ასევე გაურკვევლობისა და მძიმე სოციალურ ფონზე, შეთქმულების თეორიების რაოდენობა და გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. ეს გავლენა საგრძნობი გახდება არა მხოლოდ სკეპტიკოსების შემთხვევაში, არამედ ზოგადად პოლიტიკურ დღის წესრიგზე იმოქმედებს. მეცნიერები განმარტავენ, რომ სწორედ ასე მოხდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც შეთქმულების თეორიები მთელ მსოფლიოში გავრცელდა და შეინიშნებოდა პოპულისტი პოლიტიკოსების განსაკუთრებული მომძლავრება, რომლებიც ძალიან ხშირად კონსპირაციულ მოსაზრებებს სათავისოდ იყენებენ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930