4-06-2020
"დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიურად ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ იმ გეგმის, რომელსაც მივყვებით მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ნაბიჯი მომავალში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა - წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისსაც", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქეების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება.
„ჩვენი ძირითადი ამოცანა და სტრატეგიაა ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, მოქალაქეებისთვის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მათი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში, ასევე, სწრაფად დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციის და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრების და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ ეს რისკები ვირუსის გავრცელების სისწრაფის და მისი გეოგრაფიის. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი, თითოეული ჩვენგანის, მინისტრის და სამინისტროსი - სწრაფი გამოვლენა , სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.