გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით დაახლოებით 200 ღონისძიებაა დაგეგმილი

27-03-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ  განსაკუთრებით მასშტაბური პროგრამის განხორციელება იგეგმება.

მისივე თქმით, ამ დღის აღსანიშნავად დაახლოებით ორასი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„წელს, მოგეხსენებათ, რომ 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც შემოგვიერთდა და მე მინდა, მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში.

საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს და მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ამ იუბილეს განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი - დღეიდან მოყოლებული, ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ ტრადიციულ, საყოველთაო დღესასწაულებს. 26 მაისი უნდა იყოს, სწორედ, ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები.

 

17:10 წუთზე, 26 მაისს, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ, შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ის უდიდესი დღესასწაული, რომელიც ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის თავს უკავშირდება.

 

დაახლოებით, ორი ასეული ღონისძიებაა დაგეგმილი. განრიგსა და სხვა კონკრეტულ ინფორმაციას დეტალურად მივაწვდით მოსახლეობას“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031