4-06-2020
რამდენიმე ხნის წინ თბილისში 13 წლის გოგონა კიბერბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა.
საცურაო კოსტიუმში ტელეფონით გადაღებული პირადი ფოტოები ე.წ. ჰაკერის ხელში აღმოჩნდა, რომელიც მოზარდს ამ ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა.
მუქარამ ბავშვზე იმდენად იმოქმედა, რომ ის მე-5 სართულიდან ცდილობდა გადახტომას.
საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო, კიბერ-მჩაგვრელი კი 18 წლის ბიჭი აღმოჩნდა.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვები ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა ფორმის ჩაგვრის მსხვერპლნი ხდებიან.
„პრაიმტაიმმა“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კონსულტანტთან – მაია ნასრაშვილთან კიბერბულინგის მზარდი საფრთხეების შესახებ ისაუბრა და შეეცადა გაერკვია, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, ან მასწავლებელი, რომ ბავშვი ინტერნეტ-ჩაგვრის მსხვერპლია, ან პირიქით – თავად არის მჩაგვრელი.
სანამ მაია ნასრაშვილის მოსაზრებას გაგაცნობთ, მანამდე ორიოდე სიტყვით UNICEF-ის მიერ მომზადებულ ანგარიშის შესახებ – „ბავშვები ციფრულ სამყაროში“.
„არცერთი ბავშვი არაა დაცული ონლაინ საფრთხეებისგან და არასოდეს ყოფილა ასეთი ადვილი ყველაზე მოწყვლადი ბავშვების მიზანში ამოღება ბულინგის მოყვარულების, სექსუალური მოძალადეების, ადამიანით მოვაჭრეებისა და ბავშვებისთვის სხვა სახის ზიანის მიმყენებელი პირების მიერ“, – ნათქვამია ანგარიშში.
დღეს კიბერბულინგი ჩაგვრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
კიბერბულინგი მოიცავს შეტყობინების დაწერას, გაგზავნას, უარყოფითი შინაარსის ტექსტების გაზიარებას, რომელიც დამაზიანებელია ან შეიცავს მცდარ ინფორმაციას ვინმეზე.
ასევე, გულისხმობს კონკრეტული ადამიანის შესახებ პერსონალური ან პირადი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც დამამცირებელი და შემარცხვენელია.
კიბერბულინგის ფორმებია: შევიწროვება, რეპუტაციის შელახვა, პერსონაცია (სხვის მაგივრად თავის გასაღება), კიბერსტალკერობა, გაძევება, მოშორება, კიბერ-ადევნება, დოქსინგი, სექსტინგი.
ეს არის ქმედება, როცა ვინმე იყენებს ინტერნეტს, იმეილს, ტექსტურ შეტყობინებას, ჩათს, სოციალურ ქსელს, ონლაინ ფორუმს და სხვა ციფრულ ტექნოლოგიებს იმ მიზნით, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს, დაემუქროს ან დაამციროს სხვა ადამიანი.
კიბერბულინგის ძირითადი არხებია:
ჩაგვრა 24/7
„კიბერბულინგი განსხვავდება ჩვეულებრივი ბულინგისგან, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სკოლაში.
მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ კიბერბულინგი უწყვეტი პროცესია. ტრაგიკული ამ ამბავში არის მისი უწყვეტობა.
თუკი სკოლაში ბავშვის ჩაგვრა, რაღაც ეტაპზე, ასე თუ ისე, სრულდება, კიბერბულინგის შემთხვევში ეს პროცესი 24-საათიანია, შესაბამისად კიდევ უფრო დამთრგუნველი.
კიებერბულინგის პრობლემა ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, ანუ მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცემ მოიცვა ჩვენი ახალგაზრდები და ეს კიდევ უფრო პრობლემური გახდა პანდემიის პირობებში, როცა ბავშვებს კომუნიკაციის ერთადერთ წყაროდ დარჩათ ინტერნეტი.
კიბერბულინგის შემთხვევაში მოზარდს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ გამოავლინოს თავისი აგრესია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მაია ნასრაშვილი.
რა არის სექსტინგი?
„ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და დამთრგუნველი კიბერბულინგის ფორმაა სექსტინგი, რომელიც ხშირად ტრაგიკულად სრულდება და ჩვენ გვაქვს სუიციდის მაგალითები ამ მხრივ.
სექსუალური ხასიათის ფოტოს, პოსტის, კომენტარის, სახელის გავრცელება, რომელიც ხორციელდება მიზანმიმართულად და იწვევს პირის დაცინვას, შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის შემცველ მუქარასა და შევიწროებას.
სექსტინგის შემთხვევაში ხდება მოზარდების დაშანტაჟება, რამაც ბავშვი შესაძლოა თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.
მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში გოგოს ჰქონდა ბიჭთან მიმოწერა, არაფერი განსაკუთრებული. ზრდასრულებისთვის ჩვეულებრივი მიმოწერა იყო, მაგრამ ეს ბავშვმა აღიქვა ძალიან მძიმედ.
როდესაც ურთიერთობა ცუდად მიდის, ასეთ შემთხვევაში მეორე მხარე – ანუ ბიჭი იწყებს შანტაჟს – მაგალითად, მიმოწერას ვაჩვენებ შენს ძმას, მამას და ა.შ.
ნდობა, ნდობა და ნდობა…
„ასეთ ფაქტებს მოზარდი ხშირად თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიჰყავს, თუმცა გვაქვს წარმატების მაგალითებიც.
მაღალმთიან აჭარაში გოგონა გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა ნდობა დედის მიმართ.
მან გაბედა, რომ ეთქვა მშობლისთვის და სწორედ მისი დახმარებით დაძლია პრობლემა.
ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი მშობელსა და ბავშვს შორის.
როდესაც მეკითხებიან – რა უნდა გავაკეთო, პასუხი არის მარტივი: არაფერი, გარდა იმისა, რომ ჩამოაყალიბო ნდობა საკუთარ შვილთან, ენდობოდე მას და ის გენდობოდეს შენ. ეგულებოდი, როგორც საუკეთესო მეგობარი.
ეს უნდა მოხდეს პატარა ასაკიდან. რადგან ნდობის მოპოვება კიდევ უფრო რთულდება გარდატეხის ასაკის პერიოდში, როდესაც მოზარდი ისედაც არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას“.
ჭორის გავრცელება, როგორც ჩაგვრის მეთოდი
„კიბერბულინგის ხშირი შემთხვევებია ფეისბუქ-ჯგუფებში, მაგალითად სკოლის ჯგუფში, სადაც შეიძლება ხდებოდეს ერთი კონკრეტული მოზარდის დაცინვა.
შესაძლოა უშუალოდ პოსტი მას არ ეძღვნებოდეს, მაგრამ კომენტარებში ხდებოდეს მისი ბულინგი.
გოგონებისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან სექსუალური ხასიათის დაცინვას ისინი ძალიან მძიმედ აღიქვამენ.
კიბერბულინგის ერთ-ერთი ფორმაა ჭორის გავრცელება. ხშირად, მოზარდს შეიძლება სწორედ ინტერნეტის მეშვეობით გაუვრცელონ ჭორი და შემდეგ ყველა ამ თემას განიხილავდეს, ან მსხვერპლს ჰქონდეს განცდა, რომ ამის შესახებ ყველამ იცის“.
მასწავლებელის როლი
„ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი. სამწუხაროდ, ხშირად სკოლის ადმინისტრაცია კიბერბულინგს საერთოდ ვერ აღიქვამს პრობლემად.
დასავლეთში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ნდობა იმდენად მაღალია, რომ თავად მსხვერპლები მიდიან მასთან და გულწრფელად უყვებიან მომხდარის შესახებ.
ჩვენი განათლების სისტემა, სამწუხაროდ, ამ დონეზე არ არის განვითარებული. პედაგოგსა და მოსწავლეს შორის ნდობის არსებობა დამატებითი შესაძლებლობაა მოზარდების კიბერბულინგისგან (და არა მარტო) დაცვისთვის“.
როგორ ამოვიცნოთ მსხვერპლი, ან მჩაგვრელი
„რთულია ერთმნიშნველოვანი რეცეპტის განსაზღვრა, ვინაიდან თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას.
აუცილებელია, გავითვალისწინოთ მოზარდის ასაკი, ის გარემო, რომელშიც იზრდება, მახასიათებლები, თანატოლების, ოჯახისა და სოციუმის გავლენა.
თუმცა, გარკვეული საერთო მახასიათებელი ნიშნები, მაინც სახეზე გვაქვს. იმის ამოსაცნობად, რომ შესაძლოა ბავშვი კიბერბულინგის მსხვერპლია, არსებობს ძალიან მარტივი მეთოდი… სხვა სახის ძალადობაზეც შეიძლება იგივე ითქვას:
1.თუ ბავშვი კიდევ უფრო მეტად ჩაკეტილი ხდება.
2.თუ პირიქით, უფრო მოუსვენარი და უჩვეულოდ აქტიურია.
3.თუ მისი რომელიმე ჩვევა განსხვავდება აქამდე არსებული ჩვევისგან.
4.თუ ოთახში შესვლისას უეცრად თიშავს ტელეფონს, ხურავს სოცქსელს, პლანშეტს.
5.თუ ის გახდა განსაკუთრებით აგრესიული.
6.თუ მას აწუხებს უმადობა.
7.თუ არ უნდა სკოლაში წასვლა.
ეს და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ შესაძლოა მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და ეს მნიშვნელოვანი კარგი არ არის.
ბავშვმა შეიძლება არ თქვას, მაგრამ მისმა ქცევამ გადმოსცეს წითელი განგაშის სიგნალი, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. შესაძლოა ის იყოს ჩაგრული, ან პირიქით – მჩაგვრელი, იგივე ბულერი“.
დაუშვებელია მჩაგვრელი ბავშვის დემონიზება
„ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებამ არ მოახდინოს მჩაგვრელის სტიგმატიზაცია.
ისინი არიან ისეთვე მსხვერპლნი, როგორც მათი სამიზნეები. მასაც შეიძლება ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობა ჰქონდეს, რომელიც აუცილებლად განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, ეს შეიძლება იყოს უგულებელყოფა, ძალადობა, ან რაიმე სხვა“.
Unlike – „თითქოს არც ვარსებობ“
„კიბერბულინგის ერთ-ერთი და საკმაოდ მტკივნეული ფორმაა უგულებელყოფა – მაგალითად, როდესაც სამეგობრო თანხმდება, რომ კონკრეტულ ბავშვს სოციალურ ქსელში არ დაულაიქონ არაფერი.
ეს ფორმა განსაკუთრებით გავრცელებულია „ინსტაგრამზე“. ბავშვები განიცდიან, რომ არავინ არ „უგულავს“ ფოტოს, რომელიც მან გამოაქვეყნა.
მთელს მსოფლიოში, როდესაც ტარდება ბავშვებთან საუბრები კიბერბულინგზე, ყოველთვის აღნიშნავენ ამას – არანაირი რეაქცია არ მოჰყვა მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, თუ პოსტს. „თითქოს არც ვარსებობ“ – ასე აღიქვამენ ისინი ამგვარ დამოკიდებულებას“.
ვინ არიან ბაისთენდერები?
„კიბერბულინგის დროს ძალიან მნიშვნელოვანია თანატოლების როლი. ერთი ამოღებული ხმაც კი შესაძლოა ძლიერი პოზიტიური ბიძგი გახდეს.
პროცესის დამკვირვებელ მოზარდებთან, ანუ ბაისთენდერებთან მუშაობა აუცილებელია. ვინც ჩუმად არის, როგორც წესი, ეშინია, რომ თავად არ გახდეს ჩაგვრის მსხვერპლი.
ბულერის შემთხვევაშიც შეიძლება ითქვას, რომ მას იმდენად ეშინია არ გახდეს ჩაგვრის მსხვერპლი, რომ თავად ხდება მჩაგვრელი და ამით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას.
კიბერბულინგის წინააღმდეგ მუშობის პროცესში ყველაზე ეფექტურია, რომ მთავარი სამიზნე ჯგუფები იყვნენ სწორედ ბაისთენდერები, ისინი, ვინც უყურებს თანატოლის ჩაგვრას და ხმას არ იღებს. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი შედეგზე გასვლა.
მათ მიერ მჩაგვრელის პოსტის დალაიქებაც კი აღიქმება ისე, რომ ის რეალურად სწორედ მჩაგვრელს უჭერს მხარს“.
როგორ დავიცვათ ბავშვი?
„გამოსავალი, გარდა ცნობიერების ამაღლებისა, მინიმალური წესების ცოდნაშია.
21-ე საუკუნეში არსებობს უამრავი ლიტერატურა, რომელიც მშობელმა უნდა წაიკითხოს, იგრძნოს პასუხისმგებლობა და ამის შემდეგ ძალიან მარტივად შეძლებს ასწავლოს ბავშვს დაცულობის წესები.
მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, ჩემს შვილს მის კომპიუტერში არანაირი წვდომა არ აქვს ძალადობის და სექსუალური ხასიათის მქონე მასალაზე იმ ელემენტარული მიზეზი გამო, რომ მისი კომპიუტერი ფიზიკურად არ გახსნის ასეთ მასალას.
შესაძლებელია სხვადასხვა უსაფრთხოების პარამეტრების დაყენება, რომელიც მოზარდს მსგავსი ინფორმციისგან დაიცავს. ეს პარამეტრები კომპიუტერში ძალიან მარტივად ყენდება.
უნდა ვისწვალოთ დაცულობის მინიმალური სტანდარტები, როგორც მშობლებმა, ისე მასწავლებლებმა.
მაგალითად, არ უნდა გავხსნათ ჩათში გამოგზავნილი გაურკვეველი ლინკები, რომელიც შესაძლოა ჰაკერული მიზნით იყოს გამოყენებული. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ბავშვის მთელი პირადი ინფორმაცია, მათ შორის მიმოწერა სხვის ხელში აღმოჩნდეს“.
საჭირო რეკომენდაციები: ↓↓↓