გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

5-06-2020

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ათეულობით შინაარსობრივ და ტექნიკურ შესწორებას პარლამენტის რეგლამენტის ფაქტობრივად ყველა თავში.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის ძირითადი ნორმატიული აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს პარლამენტმა და კონსტიტუციაში 2 წლის წინ შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე დღეს საჭიროა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა საკითხის წარდგენისას საპროცედუროს საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. 

რეგლამენტის პროექტის თანახმად: 

კონსტიტუციის ძირითად დებულებებში რეგლამენტირებული პრინციპის მიხედვით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ამასთანავე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელი იქნება. 
იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ საარჩევნო ბლოკებსაც, ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნის უფლება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრად შესაბამისი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში მისი ამ პარტიის წევრად მითითებული 7 წევრი მაინც იქნება არჩეული;

ფრაქციათა როლის ზრდისა და მათი შექმნის ახალი წესის ფონზე, ახლებურად განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის არსი და მათი სიების რეგისტრაციის წესიც: პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც რეგისტრაციაში გაატარებს პარლამენტის ბიურო. დაუშვებელი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ იქნება გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, მიკუთვნებულ იქნება საპარლამენტო ოპოზიციას.

„პრინციპი, რომ უმცირესობა აღარ იარსებებს, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას რაიმე ტიპის შეზღუდვები დაუწესდება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. 

ცვლილებების თანახმად: 

იცვლება გრადაცია, რომელიც უკავშირდება, ერთი მხრივ, საპარლამენტო თანამდებობებს, მეორე მხრივ, გარკვეული თანამდებობებისთვის დადგენილ გასამრჯელოს. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს საერთო ჯამში პარლამენტის თავმჯდომარის 3 მოადგილის არჩევას, რომელთაგან ერთი იქნება პირველი მოადგილე, ხოლო თითო მოადგილე იქნება საპარლამენტო უმრავლესობიდან და საპარლამენტო ოპოზიციიდან. უმრავლესობის ლიდერი აღარ იქნება პარლამენტის თანამდებობის პირი. შესაბამისად, უქმდება ხსენებული თანამდებობისთვის განსაზღვრული გასამრჯელო. ფრაქციათა გაზრდილი როლის გათვალისწინებით, ფრაქციის თავმჯდომარის გასამრჯელო გაუთანაბრდება კომიტეტის თავმჯდომარის გასამრჯელოს. აგრეთვე, საპარლამენტო თანამდებობებს დაემატება ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები, რომელთა გასამრჯელო გაუთანაბრდება, შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და, არსებული რეგულაციის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოებს. ამასთან, რეგლამენტირებული იქნება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების განწესების პრინციპი - ფრაქციის თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 15 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილის ყოლა შეეძლება. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ეყოლება, დასაშვები იქნება ერთ-ერთ მათგანს პირველი მოადგილის სტატუსი მიენიჭოს. გარდა აღნიშნულისა, საპარლამენტო თანამდებობების ჩამონათვალს აკლდება დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა თანამდებობები (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეობას, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეითავსებს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შეთავსებით შეიძლება დაიკავოს პარლამენტის თანამდებობის პირმა), უქმდება ამ სტატუსისთვის განსაზღვრული გასამრჯელო;

იცვლება ფრაქციის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრის სტატუსის აღმნიშვნელი ტერმინი - ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება უფრაქციო პარლამენტის წევრი, ნაცვლად დამოუკიდებელი პარლამენტის წევრისა. 

იცვლება პოლიტიკურ დებატებში (მათ შორის, ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში გასამართ დებატებში) გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი, რომლის მიხედვითაც ფრაქციებს მიეცემათ იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც იქნება შესაბამის ფრაქციაში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა. უფრაქციო (დამოუკიდებელ) პარლამენტის წევრებს მიეცემათ 3-3 წუთი. ფრაქციაზე გამოსაყოფი დრო იდენტური პრინციპით გადანაწილდება პლენარულ სხდომაზე (პირველი და მეორე მოსმენით) კანონპროექტის განხილვის პროცედურაზეც;

კენჭისყრის პროცედურის დაწყების სავარაუდო დროს პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამოაცხადებს პლენარული სხდომის გახსნისთანავე (ნაცვლად ნახევარი საათით ადრე გამოცხადებისა). გამოცხადებულ სავარაუდო დრომდე შესაბამისი კენჭისყრის პროცედურის დაწყება დაუშვებელი იქნება;
იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს საპარლამენტო ცხოვრების შემდგომში კიდევ უფრო დახვეწას, მათ შორის, პარტიებს შესაძლებლობას მისცემს საპარლამენტო ცხოვრებაში განავითარონ პარტიული პლატფორმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. 

„ეს გახლავთ ე.წ. ჰარმონიზაციის პაკეტი, რომლის მიხედვითაც რეალურად ხდება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის არსებული უფლებამოსილებების გამიჯვნა და ის დანაწესები, რომლებიც გვაქვს თვითმმართველობის კოდექსში შესაბამისად ხდება მათი ასახვა სხვადასხვა კანონში, ასევე ხდება თვითმმართველობის კოდექსში გარკვეული დაზუსტებების შეტანა“, - განაცხადა საკანომდებლო პაკეტის წარდგენისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა. 

კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოს აღსანიშნავად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ და „თვითმმართველი ერთეულის“ ნაცვლად, გამოყენებული იქნება ერთი ტერმინი - „მუნიციპალიტეტის ორგანო“. აღნიშნული ტერმინილოგიური ხასიათის ცვლილების გარდა, კოდექსში ხორციელდება მთელი რიგი შინაარსობრივი ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება გარკვეული საკითხებისა და რეგულაციების დაზუსტება და შემოღება.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, ასევე დაადგინა, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ლილი გელაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთები კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930