5-06-2020
პროპორციული სისტემა მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტ ახალგაზრდებს, გამოჩნდნენ პოლიტიკაში, რაც ჩემთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის ცვლილება, რომლისთვისაც ქართული ახალგაზრდობა, 90-იანებიდან, იბრძოდა და ამ საკითხზე სპეკულირება, ისეთი ნაბიჯებით, რომელიც აზიანებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხშია. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია. მე პოზიციებს არ ვიცვლი. ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილებები. მართლა ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები, ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მისცემს პოლიტიკურ კულტურას განვითარების შესაძლებლობას. პროპორციული სისტემა მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტ ახალგაზრდებს, გამოჩნდნენ პოლიტიკაში, რაც ჩემთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ფასეულობების თემა. ამ ფასეულობებთან დაკავშირებით ვინ როგორ პოზიციას დააფიქსირებს, მათი გადასაწყვეტია. პირდაპირი ტესტი იქნება ეს, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ფუნდამენტურ საკითხზე, ეს არის ის ცვლილება, რომლისთვისაც ქართული ახალგაზრდობა, 90-იანებიდან, ამისთვის იბრძოდა. როგორც იქნა ეს შესაძლებლობა არსებობს და რაღაც სპეკულირება, თან ისეთი ნაბიჯებით, რომელიც აზიანებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.