8-06-2020
"ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად. ეს განსაკუთრებით ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანციის დაცვას", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დამშვიდების საფუძველი არ არის ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. პაატა იმნაძის განმარტებით, ეს ერთეული შემთხვევები ნიშნავს იმას, რომ კორონა არსად არ გამქრალა.
„შესაბამისად, მაქსიმალურად დავიცვათ, პირველ რიგში, ნიღბის ტარება. ამაზე ბევრი კვლევებიც გამოქვეყნდა, ინტერნეტშიც შეგვიძლია ყველამ მოვიძიოთ - თუ პირბადე უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ეს ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ უკეთია ორივეს, ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი. ამიტომ არის მოთხოვნა ყველა ქვეყანში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია. ეს ეხება დახურულ სივრცეებს, საზოგადოებრივ სივრცეებს. სახლში, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.