გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა პროცედურების გავლა მოგიწევთ თვითმფრინავით მგზავრობისთვის

8-06-2020

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრობის მსურველებისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ძირითადი მოთხოვნებისა და რეკომენდაციების სიას აქვეყნებს:


პროცედურები გაფრენის ტერმინალში/დარბაზში:


ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, შშმ პირების / ბავშვების გამცილებლები, მომსახურე პერსონალი ან უზრუნველყოფილი იქნება ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;


მგზავრები და მომსახურე პერსონალი დაიშვებიან მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვები);


შენობაში შესვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. ცხელების ან/და ვირუსზე საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, მგზავრი არ დაიშვება ტერმინალში / დარბაზში და შესაბამისად, რეისზე;


დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სავალდებულო დისტანციის მარკირება;


დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;


დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვილი იქნება დამცავი გამჭვირვალე ბარიერებით;


გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები და სხვა ჰიგიენური ნარჩენები მოათავსეთ დახურულ კონტეინერებში;


დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;


გამცილებლებისთვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.


პროცედურები თვითმფრინავში:


თვითმფრინავში მგზავრები დაიშვებიან დამცავი ნიღბებით. 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფრენისას უნდა გქონდეთ სათადარიგო ნიღბები;


მგზავრთა განლაგება უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;


თვითმფრინავში შესვლისას, გთხოვთ დროულად დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი და ყურადღებით გაეცნოთ ეკიპაჟის წევრების მითითებებს;


იკრძალება 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება წინასწარ შეფუთული/დალუქული საკვები და სასმელი პროდუქტები;


დაუყოვნებლივ მიმართეთ პერსონალს, თუ აფრენის შემდეგ თავს იგრძნობთ შეუძლოდ, აღმოგაჩნდებათ COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, ეკიპაჟის მიერ განთავსდებით იზოლირებულად და გაგეწევათ შესაბამისი მეთვალყურეობა;


ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;


ხომალდიდან გადმოსვლის დროს, დაიცავით გადამყვანი ავიაკომპანიის მითითებები სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილების შესახებ;


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველი რეისის შემდეგ საჰაერო ხომალდი დასუფთავდება სველი წესით და ჩაუტარდება დეზინფექცია.


პროცედურები მოფრენის ტერმინალში/დარბაზში:


ხომალდიდან გადმოსვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განხორციელდება არსებული პროტოკოლის დაცვით;


მოფრენის ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;


მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);


ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ცალკე დერეფანი;


დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია, განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;


დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;


დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;


დამხვედრთათვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031