8-06-2020
ყველა წეს-ჩვეულების, რომელიც აქამდე გვქონდა, ახლა, ერთდროულად გამოყენება არ არის საჭირო. ეტაპობრივად დადგება ამის დრო, როცა ერთმანეთს ხელს ისევ ჩამოვართმევთ, გადავკოცნით და მოვეფერებით, მაგრამ ამ ეტაპზე თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ეს უთოფო ომია, რომელიც არ ვიცით საიდან შემოგვიტევს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ერთი სახელმწიფო ამ ბრძოლაში გამარჯვებული ვერ იქნება, რადგან ეპიდემია ამ ეტაპზე გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. ამ პრობლემას დინამიურობა ახასიათებს, ანუ მდგომარეობა როგორ შეიცვლება, ღმერთის გარდა არვინ იცის. საქართველოს მდგომარეობა ძალიან გვახარებს, მაგრამ ცხოვრება მაინც ცუდ გარემოში გვიწევს, რადგან მეზობელ სახელმწიფოებში ჯერჯერობით ვირუსი კვლავ ბობოქრობს, აქედან გამომდინარე, ომი ნაწილობრივ ქართულმა საზოგადოებამ მოვიგეთ, მაგრამ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ეს პროცესი შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 9 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 810 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 683 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.