9-06-2020
"2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, იზრდება საბიუჯეტო დახმარებებისა და გრანტების მოცულობა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ანტიკრიზიული ბიუჯეტის პრეზენტაციისას.
მისი განცხადებით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისაგან თანხების მობილიზება განხორციელდა იმ მოცულობით, რომ არ შექმილიყო რესურსების დეფიციტი პესიმისტური სცენარის განვითრების შემთხვევაშიც.
„კრედიტების ნაწილში მობილიზებულია დამატებით, 4 მილიარდ 470 მლნ ლარი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 600 მლნ ლარზე მეტი უკვე ჩამოირიცხა ივნისის დასაწყისში. რაც შეეხება სხვა დონორებს - აზიის განვითარების ბანკიდან ველოდებით მილიარდ 455 მლნ ლარს, აქედან ნაწილზე ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და პარლამენტში წარდგენილია სარატიფიკაციოდ. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებებს და ეს დოკუმენტებიც წარდგენილია პარლამენტში სარატიფიკაციოდ. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და თანხაც გადმოირიცხება. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ხელმოწერილი ხელშეკრულების ერთი ნაწილის რატიფიკაცია დღეს მოხდება პარლამენტში, მეორე ნაწილი უკვე წარდგენილია სარატიფიკაციოდ. საფრანგეთის განვითარების სააგენტო - აქ ორი ხელშეკრულებაა და ორივე პარლამენტშია წარდგენილი და დღეს მათი რატიფიცირებაც მოხდება. მსოფლიო ბანკთან - ნაწილი რატიფიცირებულია, ნაწილთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების პირობების დაზუსტება. ევროკავშირიდან ველოდებით 241 მლნ ლარს, უკვე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ხელშეკრულების ნაწილი დასრულდება და მოხდება პარლამენტში წარდგენა სარატიფიკაციოდ. გარდა სესხებისა, დამატებით მობილიზება მოხდა გრანტის ნაწილში, ევროკავშირიდან 330 მლნ ლარის ოდენობით დამატებითი საგრანტო რესურსი იქნა მობილიზირებული. პანდემიის პრევენციისა და მისი შედეგების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში მობილიზებულ დამატებით რესურსში აისახა COVID-ის ფონდში მობილიზირებული, ასევე, დამატებით მობილიზებული რესურსების დეპოზიტებზე განთავსების შედეგად მისაღები საპროცენტო შემოსავლები, ასევე საშინაო ვალი 600 მლნ ლარი, რომელიც უნდა მიემართოს კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.