9-06-2020
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, 2021 წელი იყოს ინვესტიციების ხარჯზე მზარდი წელი. მათ შორის, გვაქვს ისეთი ბერკეტები, როგორიც არის, მაგალითად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ სადაც არის უცხოური ინვესტიციების მთელი მიმართულება, მათი მოზიდვის ახალი სტრატეგია. უკვე წელსვე ველოდებით ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდას და კონკრეტულ პროექტებს - მაგალითად, ეს არის „ნამახვანი ჰესის“ პროექტი, რომელიც 700 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაა და დღე-დღეზე გავხსნით ამ ჰესის მშენებლობას“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხუდ განაცხადა, რომელიც უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმებს ეხებოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არის სხვა ენერგეტიკული პროექტებიც, რომლებიც განხორციელდება, მაგრამ ენერგეტიკა არ არის ერთადერთი სფერო, სადაც ველოდებით ინვესტიციების ზრდას.
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები აისახოს საქართველოზე. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, დავარწმუნოთ ინვესტორი, რომ დიდი, მიმზიდველი ჩინური ბაზარი დატოვოს და გადმოვიდეს საქართველოში, მაგრამ, ეს არის ტენდენცია, რომელიც ზოგადად, უკვე დაწყებულია, რაც ობიექტური გარემოებაა და არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილის შედეგი. გლობალურად მიდის დივერსიფიკაციის ტენდენცია და ბევრი კომპანია, ჩინური თუ ევროპული, ცდილობს, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე გადაანაწილოს თავისი წარმოებები“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ გლობალური კომპანიები დაინტერესდნენ წარმოების გადმოტანით, პირველ რიგში, ეს არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თუმცა, მარტო არ არის საკმარისი.
„შესაბამისად, იმ პოსტკრიზისულ გეგმაში, რომელზეც ვმუშაობთ და რისთვისაც თვე ან თვენახევარი დაგვჭირდება, ავსახავთ კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო პაკეტს ახალი ინვესტორების მიმართ და წელსვე ყველა გავხდებით საქართველოში რამდენიმე ახალი საწარმოს პროექტის დაწყების მოწმეები“ - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, მთელ მსოფლიოში ხდება გლობალური ეკონომიკის შემცირება, ვარდნა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ინვესტორების განწყობაზე - არა უშუალოდ საქართველოს მიმართ, არამედ, ზოგადად ინვესტიციების მიმართ, როდესაც გაურკვევლობაა მსოფლიო ბაზრებზე, ინვესტიციებისა და ახალი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება უფრო რთული ხდება.
„აქედან გამომდინარე, ის კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, არის არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილი“ - განაცხადა ნათია თურნავამ.