გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა კოვიდ-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს

11-06-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, შესაბამის უწყებებს ტესტირებების გაფართოებას ავალებს, - გიორგი გახარიამ ამ თემაზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის ინფექციის ცირკულირებისა და ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. ამ მიზნით, ყველა მოქალაქემ, მომატებული ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს 112-ს ან ოჯახის ექიმს, რათა კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულად, PCR ტექნოლოგიით კვლევა ჩაუტარდეს.

11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან, 4-ის წარმომავლობა ცნობილი არ არის, რაც განსაკუთრებული სიფრთხილის საფუძველია, შესაბამისად მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას საჭირო ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი და საბაბი ილუზიის შექმნისა, რომ ვირუსი დამარცხებულია. სამუშაო შეხვედრისას განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც ეპიდემიოლოგიური აფეთქება მეორედ მოხდა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გლობალური პანდემიის დაძლევის პროცესში ერთობლივი მოქმედებისა და საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან განიხილა როგორც ცხელების კლინიკებსა და 112-ზე შესულ ზარებთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე ტესტირების მაქსიმალურად გაფართოების რესურსები. აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში 18 ლაბორატორია აკეთებს PCR ტესტებს, ივლისში კი ეს რიცხვი 24-მდე გაიზრდება. დღეს ტესტირებების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1500-ია, უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 4500-მდე გაიზრდება, ხოლო შემოდგომისთვის ტესტირების დღიური რაოდენობა 6000-8000-ს მიაღწევს. ამ ეტაპზე, შესაძლო შემთხვევებთან ერთად, ტესტირება ჩაუტარდება მთელ რიგ ჯგუფებს, რომლებიც მთავრობის დადგენილებით უახლოეს პერიოდში განისაზღვრება. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ტესტების მარაგები პერიოდულად იზრდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას აძლიერებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930