12-06-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
„ბოლო 24 საათში 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამი არის სამედიცინო პერსონალი, 3 საკარანტინო ზონიდან შემოტანილი შემთხვევა, ორი გახლავთ უკვე დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტში მყოფი პირი. ერთის წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ინფიცირების წყარო უცნობია, კონტაქტის მოძიება მარტივი არ არის.
„საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევა საბოლოო ჯამში კარგად დასრულდა, ყველგან წყარო მოძიებული იქნა და იმედი მაქვს რომ ამ შემთხვევების წყაროც მოძიებული იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 837 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.