გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ყველა რეფორმა ემსახურება სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას

12-06-2020

„ჩვენი ყველა რეფორმა ემსახურება სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას. სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია, როცა 2020 წელი გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჩვენი გეგმა, პირველ რიგში, დაეფუძნა იმ საჭიროებების ანალიზს და ნაკლოვანებების კვლევას, რაც აწუხებდა ჩვენს ჯარს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას და თავდაცვის ძალებში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების საკითხებზე იმსჯელა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო ინფრასტრუქტურის მიმართულება. 

„ეს არ ყოფილა რამდენიმე წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემები, ეს იყო პრაქტიკულად დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებული პრობლემები, რომელიც ვერ გადაჭრა ვერცერთმა ხელმძღვანელობამ. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტა და ამ მიზნით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის ოთხჯერ მეტს - 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია 60 ლოკაციაზე. ჯარისკაცებისთვის ეწყობა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა. ასევე ვაწესრიგებთ სამხედრო ბაზების ფუნქციონირებისათვის ძალზე მნიშვნელოვან შიდა ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა კანონმდებლებს პანდემიის პარალელურად თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს 50 ლოკაციაზე, ხოლო 10 ლოკაციაზე სამუშაოების დასაწყებად მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება. დაწყებულია 90 ყაზარმის და საცხოვრებელი შენობის, 20 სასადილოს, 100 დამხმარე შენობა ნაგებობის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო, კაპიტალური და სხვა სარემონტო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის დაწყებულია ახალი ყაზარმების, სასწავლო კორპუსების, სასადილოების და სპორტული მოედნების მშენებლობა. 

„2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება სრულად მოდერნიზებული, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა, რითიც კიდევ ერთხელ დავაფასებთ ჩვენ ჯარისკაცებს და მათ ღირსეულ პირობებს შევუქმნით“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა და განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებში ნატოს სტანდარტის უზრუნველსაყოფად, სამინისტროში ჩამოყალიბდა „სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, რომელიც პასუხისმგებელი თავდაცვის ძალებში ნატოსთან თავსებადი კოდიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სისტემის განვითარებაზე. ის განახორციელებს სამუშაოების ზედამხედველობას და ყველა ტიპის მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლებლების კონტროლს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930