12-06-2020
საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მათი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება და ბინებით უზრუნველყოფის პროექტის შესრულება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დაასახელა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება.
მინისტრმა პროექტის უპირატესობები და სამხედრო მოსამსახურისთვის გათვალისწინებული შეღავათებიც დააკონკრეტა: „ათასზე მეტ სამხედროს შესაძლებლობა ექნება კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეისყიდონ და ამ თანხის გადასახდელად არა ძვირადღირებული საბანკო გარანტიებით, არამედ, უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ“.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყება ბინების დაკმაყოფილების შესახებ წინა ხელისუფლების პერიოდში, 2007 წელს ნაკისრ ვალდებულებასაც ბოლომდე შეასრულებს, რომლის თანახმად, სამხედრო მოსმასახურეებს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ.
„ეს პროექტი არის კარგი მაგალითი, თუ როგორ „უყვარდა“ დაპირებების შესრულება წინა ხელისუფლებას. ბინების გაცემა დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2013 წლიდან და მიმდინარე წელს, უკვე ყველა შესაბამისი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით, როგორც გორში, ასევე თბილისში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.