14-06-2020
„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სრულიად რეალისტურია. არაერთხელ ითქვა, რომ ეს ცვლილებები უნდა განხორციელდეს ივნისის ბოლომდე. ჩვენ, მომდევნო კვირას დავიწყეთ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ამ ინიციატივის განხილვას და ივნისის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, ეს იქნება 29 რიცხვი, მესამე მოსმენით ჩატარდება ამ ინიციატივაზე კენჭისყრა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს.
მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნას, საჭიროა მას მხარა დაუჭიროს 113 პარლამენტის წევრმა.
„ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოდგენილი 92 მანდატით. ამ ინიციატივას სჭირდება 113 წევრის მხარდაჭერა, მაგრამ დღეს განხილვაში მონაწილეობენ ორი ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლები, რომლებიც 7 -7 წევრიან ფრაქციებს წარმოადგენენ და ჯამში ეს არის 106 ხმა. გარდა ამისა, არის 16 დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი, რომელთა უმეტესობა ამბობს, რომ ისინი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ჩვენი დაპირება ამ ინიციატივასთან მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ბოლომდე მიყვანასთან დაკავშირებით შესრულდება. იმავდროულად, მე მჯერა რომ აქ წარმოდგენილი ფრაქციების მხრიდანაც და ასევე, დამოუკიდებელი წევრების მხრიდანაც მხარდაჭერა იქნება და ეს ინიციატივა აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.