გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ერთ-ერთ სპორტულ მოედანს აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის- პეტრე გამჯაშვილის სახელი მიენიჭა

14-06-2020

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დააკმაყოფილა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის N060319088197-03 შუამდგომლობა, დედაქალაქში ერთ-ერთი ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ბოთერაშვილის სახელის მინიჭების შესახებ და 2020 წლის 15 მაისის N107 განკარგულებით, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის უბანში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გია რომელაშვილის სახელობის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ბოთერაშვილის სახელი მიენიჭა.

გიორგი ბოთერაშვილი, 1972 წლის 19 მარტს, სოხუმში დაიბადა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში, თავის ძმასთან, კობასთან ერთად იბრძოდა; იყო 23-ე ბრიგადის II ბატალიონის მებრძოლი. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს, გუმისთის ბრძოლებში. სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული ჯარისკაცი, დედამ და ძმამ გულრიფშში დაკრძალეს. დაჯილდოვებულია მედლით ‘’მხედრული მამაცობისათვის’’ და ვახტანგ გორგალის II ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, ასევე, დადებითად უპასუხა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის N06031922634 – 03 ინიციატივას, სპორტული მოედნისთვის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, პეტრე გამჯაშვილის სახელის მინიჭების შესახებ და 2020 წლის 15 მაისის N109 განკარგულებით, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევთან მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს, პეტრე გამჯაშვილის სახელი მიენიჭა.

პეტრე (პაატა) გამჯაშვილი 1968 წლის 15 სექტემბერს თბილისში დაიბადა. საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი გახლდათ. დაიღუპა იმ თვითმფრინავში, რომელიც 1993 წლის 22 სექტემბერს, მოწინააღმდეგე მხარის შენაერთებმა, ბაბუშერას აეროპორტში ააფეთქეს. 2008 წელს, მისი ნეშტი, ერთ-ერთი სამარხის გახსნის დროს, საბუთებითა და მედალიონით ამოიცნეს და თბილისში გადმოასვენეს; დაკრძალულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად არ იშურებენ, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წარდგენილ ინიციატივებსა და შუამდგომლობებზე დადებითი რეაგირებით გამოიხატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930