გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Radio Voice of America» (აშშ): გენდერული თანასწორობა ქართულ პოლიტიკაში-რა სურთ ქალებს?

28-03-2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ მიმდინარე კვირას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კვლავ მიუბრუნდება საქართველოში სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტს და შესაბამის ცვლილებას საარჩევნო კოდექსში. ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 23 მარტს გამართულ კენჭისყრაზე უარყოფილი იქნა.


კანონპროექტმა, რომელიც არაფორმალური გაერთიანების „ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ მიერ არის მომზადებული და თან 37 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნოტარიალურად დამოწმებული ხელმოწერა ახლავს, 150 ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 66 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 70 პარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა დემონსტრაციულად არ მიიღო. მათი უდიდესი უმრავლესობა, რა თქმა უნდა მამაკაცია.
„ხმაურიანი“ კანონპროექტი დიდწილად საპარლამენტო უმრავლესობაში „პოზიციების შეუჯერებლობის“ გამო ჩავარდა, თუმცა ინიციატივას მხარი არც „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიორთა ალიანსმა“ დაუჭირეს, გენდერული კვოტების მომხრე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.


ბოლო ათი წლის განმავლობაში, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა პარლამენტი გენდერული კვოტირების მხარდამჭერ ინიციატივას ბლოკავს. სავალდებულო გენდერული კვოტირება გულისხმობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიების ფორმირებისას სქესთა ბალანსის დაცვა კანონის ძალით დაევალოთ.
კანონპროექტის მიხედვით, პარტიულ სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს და თუ პარლამენტი ამ ინიციატივას კანონად აქცევს, მაშინ 2020 წლის მოწვევის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში 150 დეპუტატიდან, 26% ანუ 38 დეპუტატი ქალი იქნება, 2024 წელს კი უკვე ყოველი მესამე პარლამენტარი მანდილოსანი გვეყოლება.


„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ როგორ მამაკაცებში, ისე ქალებში გენდერული კვოტირების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა:


„ჩემს გარშემო, ბევრი ქალისგან მსმენია, რომ მათ არ სურთ პარლამენტში კვოტით მოხვედრილი ერქვათ, ეს ინიციატივა მათთვის მიუღებელია და გენდერული კვოტა არ სჭირდებათ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური პოზიციაა, ისევე როგორც საპირისპირი მოსაზრება, რომ კონკრეტული ადამიანების აღქმებზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, საერთო სურათის შეცვლაა და საზოგადოების მიჩვევა, რომ პარლამენტში სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები თანაბრად გვყავდეს წარმოდგენილი. ჩემი აზრით, ბევრად სწორი იქნება სოციალური ბარიერები მოვუხსნათ სქესის ნიშნით ადამიანებს, რომელიც ნამდვილად არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის შევუქმნათ პოლიტიკაში მონაწილეობის უკეთესი პირობები, ვიდრე ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ორგანოში მათი ხელოვნულად მოხვედრა ვუზრუნველყოთ“.


საერთაშორისო პარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) მონაცემებით, საქართველო პარლამენტში ქალთა რაოდენობით მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის 123-127 ადგილებს იყოფს: ფიჯისთან, ლატვიასთან, ლიბიასთან და უზბეკეთთან ერთად, 128-ე სიაში რუსეთია.


IPU-ს სიას აფრიკური სახელმწიფო რუანდა ლიდერობს, რომელმაც სავალდებულო გენდერული კვოტირება 2008 წელს შემოიღო და ამჟამად, რუანდის პარლამენტის წევრთა 61%-ზე მეტი ქალია.


ევროპული ქვეყნებიდან ათეულში არიან, სკანდინავიის დიდი სამეული - შვედეთი (43%), ფინეთი (42%) და ნორვეგია (41%). ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან უკეთესი მაჩვენებელი ბელარუსს აქვს, 110 ადგილიან პარლამენტში 34,5% ანუ 38 ადგილი ქალებს ეკუთვნით.


გლობალური გენდერული ინდექსის (GIG) მიხედვით, რომელიც ქალთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობას ასახავს საქართველო 144 ქვეყანას შორის 90-ე ადგილს იკავებს. ამჟამად საქართველოს პარლამენტში 23 ქალი დეპუტატია, მთავრობაში 2 ქალი მინისტრი, საკრებულოებში 227 მანდილოსანი (2058 წევრიდან) , მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის ქალი მერი ნინოწმინდაში და ერთი ქალი გამგებელი თბილისში. გუბერნატორის თანამდებობაზე არცერთი ქალი არ არის, ისევე როგორც არცერთ თვითმმართველ ქალაქს არ ჰყავს ქალი მერი. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოში ამომრჩეველთა 53% ქალი.


გენდერული დისბალანსი ქართულ პოლიტიკაში ვერც 2013 წელს შემოღებულმა არასავალდებულო წამახალისებელმა კვოტამ შეცვალა, რომლის მიხედვით, თუ საარჩევნო სიაში ესა თუ ის პარტია კანდიდატების 30 პროცენტს ქალებს ასახელებს, გაზრდილ საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს.


უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე მაინც მოუწევს პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის დაშვება: „თუ ჩვენი ქვეყნის შიგნით, პარლამენტში გაჭირდება ამ ინიციატივის მხარდაჭერა, საერთაშორისო ძალისხმევით მაინც იქნება შესაძლებელი იმის მიღწევა, რომ ის უთანასწორობა რაც ჩვენს საზოგადოებაში ისტორიულად ჩამოყალიბდა შეცვალოთ. როგორც ვხედავთ, ეს ყველაფერი ხელოვნული ზომების გარეშე ვერ გამოსწორდება ან დასჭირდება ძალიან დიდი დრო. ჩვენ კი გვინდა სიცოცხლეშივე მოვესწროთ ამ ქვეყანაში უკეთესობას. გარწმუნებთ, რომ მხოლოდ ქალთა მეტი მონაწილეობით და მით უკეთესი იქნება თუ ეს მონაწილეობა იქნება თანაბარი, არის შესაძლებელი რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მეტი პროგრესი და დემოკრატია“.


საქართველო 1994 წლიდან არის მიერთებული „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციას. „ნელი ტემპის“ გამო, 2014 წელს, გაეროს შესაბამისმა კომიტეტმა თბილისს მოუწოდა ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობის დასაჩქარებლად, დროებითი სპეციალური ზომები, მათ შორის, საკანონმდებლო კვოტები მიეღო. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ვალდებულებას ასევე შეიცავს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებაც.


1995 წლის პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა და გაეროს კომიტეტის რეკომენდაცია გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის აუცილებელ პირობად პარლამენტში 30%-დან 35%-მდე ქალთა წარმომადგენლობის არსებობას მიიჩნევს.
--------
ქალ დეპუტატთა რაოდენობა საქართველოს პარლამენტში (1919-2016)


1919 – დამფუძნებელი კრება, 130 დეპუტატი, 5 ქალი: ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე;


1990 – უზენაესი საბჭო, 250 დეპუტატი, 17 ქალი: ლია ანდღულაძე, მანანა გაბაშვილი, ეთერ გუგუშვილი, თამარ დეკანოსიძე, სალომე ზვიადაძე, მაია თომაძე, მედეა თუშმალიშვილი, ლია კაცაძე, მაია მაჭავარიანი, მაია ნათაძე, ირინე ტალიაშვილი, დალი ფიროსმანაშვილი, ნათელა ქუთელია, ეთერ ყაველაშვილი, მზექალა შანიძე, მანანა ძოძუაშვილი, ნინო ჯავახიშვილი;


1992 – 225 დეპუტატი, 14 ქალი: რუსუდან ბერიძე, მანანა გიგინეიშვილი, ნანა დევდარიანი, ლედი თირქია, ნონა კენჭუაშვილი, ნესტან კირთაძე, როზა ლორთქიფანიძე, ადა მარშანია, იზა ორჯონიკიძე, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ლანა ღოღობერიძე, ლუიზა შაკიაშვილი, თამარ ჩხეიძე, ლია ცინდელიანი;


1995 – 235 დეპუტატი, 16 ქალი: დალი აბაშიძე, ნინო ბურჯანაძე, მანანა გიგინეიშვილი, ელენე თევდორაძე, ლირა თოფურიძე, ნელი კახიძე, ნესტან კირთაძე, როზა ლორთქიფანიძე, ადა მარშანია, მარიამ მირიანაშვილი, გიული სამხარაძე, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ლანა ღოღობერიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ნინო ჭანიშვილი, ნინო ხოფერია;


1999 - 236 დეპუტატი, 18 ქალი: დალი აბაშიძე, თინა არზიანი, ნანული ბიჭიაშვილი-ყავლაშვილი, ნინო ბურჯანაძე, მანანა გიგინეიშვილი, ნანა დევდარიანი, ელენე თევდორაძე, როზა ლორთქიფანიძე, ადა მარშანია, მარინა მოლოდინი, მაია ნადირაძე, თამარ ნინოშვილი, ნათელა პატარქალიშვილი, მაია სიმონიძე, გულნარა შელია, ფიქრია ჩიხრაძე, ნატო ჩხეიძე, ნინო ხოფერია;


2004 – 150 დეპუტატი, 25 ქალი: ნაზი არონია, მაია ახვლედიანი, ნინო ბურჯანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, მეგი გოცირიძე, მარინა დათუკიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ელენე თევდორაძე, მზია თორთლაძე, ნინო კალანდაძე, სოფიო ლარცულიანი, გუგული მაღრაძე, ქეთევან მახარაშვილი, მარინა მოლოდინი, მაია ნადირაძე, ნინო ნაკაშიძე, მანანა ნაჭყებია, ნანა პატარკაციშვილი, სალომე სამადაშვილი, თეო ტლაშაძე, ლალი ფაფიაშვილი, ლალი ფურცელაძე, ირინე ქურდაძე, ფიქრია ჩიხრაძე, მანანა ჯებაშვილი;


2008 – 150 დეპუტატი, 11 ქალი: მაგდალინა ანიკაშვილი, ეკა ბესელია, ხათუნა გოგორიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, რუსულად კერვალიშვილი, ხათუნა ოჩიაური, ფიქრია ჩიხრაძე, ეკა ხერხეულიძე, გურანდა ჯაბუა, ელენე ჯავახაძე;


2012 - 150 დეპუტატი, 21 ქალი: ეკა ბესელია, თინა ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, მარიკა ვერულაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე, გუგული მაღრაძე, ანი მიროტაძე, ირმა ნადირაშვილი, მარიამ საჯაია, მაია ფანჯიკიძე, ნანა ყეინიშვილი, ელისო ჩაფიძე, დარეჯან ჩხეტიანი, თეა წულუკიანი, ფატი ხალვაში, ეკა ხერხეულიძე, თამარ ხიდაშელი, თინა ხიდაშელი;


2016 - 150 დეპუტატი, 23 ქალი: ეკა ბესელია, თინა ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, სალომე ზურაბიშვილი, ირმა ინაშვილი, სოფიო კილაძე, სვეტლანა კუდბა, ადა მარშანია, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, სალომე სამადაშვილი, ირინე ფრუიძე, სოფიო ქაცარავა, ლელა ქებურია, თამარ ჩუგოშვილი, ნატო ჩხეიძე, ნინო შილოსანი, ფატი ხალვაში, ელენე ხოშტარია, თამარ ხულორდავა, მარიამ ჯაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930