16-06-2020
გვქონდეს ერთმანეთთან ორმეტრიანი დისტანცია, რადგან თუ ჩვენ დისტანციას არ დავიცავთ, მხოლოდ პირბადე ხანგრძლივი კომუნიკაციის შემთხვევაში შესაძლოა, სრულფასოვანი დაცვის საშუალება არ იყოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილაში“ განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს ღია სივრცეებში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ღია სივრცეში, სადაც ხალხმრავლობაა, ასეთ ვითარებაში შესაძლოა პირბადის გამოყენებას ჰქონდეს ეფექტი, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ, ფიზიკური დისტანცირება მოვახდინოთ. გვქონდეს ერთმანეთთან ორმეტრიანი დისტანცია, რადგან თუ ჩვენ დისტანციას არ დავიცავთ, მხოლოდ პირბადე ხანგრძლივი კომუნიკაციის შემთხვევაში, შეიძლება, სრულფასოვანი დაცვის საშუალება არ იყოს“, - აღნიშნა გოგინავამ.
მისივე თქმით, კვლავ ძალაშია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა-დამუშვება სხვადასხვა სანიტაიზერით და ასე შემდეგ. დახურულ სივრცეში კი, იქ, სადაც ამის საჭიროებაა, მოქალაეებმა გამოიყენონ პირბადე.
ინფექციონისტმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა ის სიმპტომები, რა დროსაც მათ დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართონ.
„მინდა, მოსახლეობას მივმართო, თუ მათ აღენიშნებათ ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიც არის ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება და ასე შემდეგ, დროულად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს. რათა დროულად მოხდეს მათი დიაგნოსტირება“, - განაცხადა გოგინავამ.
ინფექციონისტმა ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მომატებულ ფონზეც.
„შექმნილი ვითარება საყურადღებოა, თუმცა, თუ მოსახლეობა დაიცავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაიცემა და პირველ რიგში, ჩვენ ვაღიარებთ კორონავირუსის არსებობას და ჩავთვლით, რომ ის ჩვენთან ერთადაა და ვისწავლით მასთან თანაცხოვრებას, გავითვალისწინებთ არსებულ რეკომენდაციებს, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, შევინარჩუნოთ კარგი ეპიდსიტუაცია. ამიტომ, საჭიროა, მოსახლეობა სამედიცინო სექტორი იყოს მობილიზებული, რათა ეს კარგი შედეგები შევინარჩუნოთ. მოვუწოდებ მოსახლეობას, გაგებით მოეკიდოს ამ ყველაფერს. მესმის, რომ ხშირ შემთხვევაში დისკომფორტის შემქმნელია უნდაც პირბადის გამოყენება, თუნდაც დისტანცირება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მინიმალურია, რაც ჩვენ, საზოგადოებას შეგვიძლია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ახლი შემთხვევების რაოდენობა. დანარჩენს შესაბამისი სტრუქტურები, ეპიდემიოლოგიური სამსახურები აკეთებენ, რათა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს“, - განაცხადა გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 724 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.