16-06-2020
შიში არაფერს აკეთებს, ის ძალიან ცუდი გრძნობაა, საჭიროა სიფრთხილე და არა შიში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„შეიძლება, ვირუსის გადამტანი სახელურიც იყოს, თუ ეს არის ჩვეულებრივი პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის სახელური, მათზე შეიძლება ვირუსი ერთი დღეც კი დარჩეს. ამიტომაა პირბადის ტარება აუცილებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - სხვამ რომ დააცემინოს ან დაახველოს, ვირუსი სახელურს არ მოხვდეს, რომელსაც მერე შენ ხელს მოჰკიდებ. თუ მიდიხარ 2 გაჩერებაზე, წადი ფეხით და ის ავტობუსი მას დაუთმე, ვინც შორ გზაზე მიდის, ან მოხუცია და სიარული არ შეუძლია. 2 დღეში ციდან ახალი ავტობუსები ვერ ჩამოცვივდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა 15 მარშრუტი, სადაც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება, ამიტომ მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს ავტობუსები დაემატა.
პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა.
საქართველოში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 724 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.