16-06-2020
"სახელმწიფო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ კანონიერ ზომას, რომ ასეთი მცდელობის რეციდივსაც არ ჰქონდეს ადგილი და, ჩემი აზრით, გააკეთებს ყველაფერს, რომ უკლებლივ ყველა, ვინც ჩართული იყო ამ საზარელი დანაშაულის ორგანიზებაში, დაგეგმვაში და აღსრულებაში, წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე",- ამის შესახებ ქართული ოცნების კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილიმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა, ვინც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში იყო ჩართული, ქართული სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს და ამის განხორციელებაში სახელმწიფოს დასავლელი პარტნიორები დაეხმარებიან.
„სახელმწიფომ მოახერხა და დისტანციურად უზრუნველყო გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება. ეს არ არის ადვილი - ოპერატიული კონტროლი შორიდან. მით უმეტეს, როდესაც შენ ბრალდებული ხარ ამ პოლიტიკური ძალის მიერ, რომ ახორციელებ პოლიტიკურ დევნას, მიყურადებას და ა.შ. შესაბამისად, სახელმწიფო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ კანონიერ ზომას, რომ ასეთი მცდელობის რეციდივსაც არ ჰქონდეს ადგილი და, ჩემი აზრით, გააკეთებს ყველაფერს, რომ უკლებლივ ყველა, ვინც ჩართული იყო ამ საზარელი დანაშაულის ორგანიზებაში, დაგეგმვაში და აღსრულებაში, წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე და ამაში აუცილებლად დაგვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებთან თანამშრომლობის ძალიან პოზიტიური გამოცდილება აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სულ ახლახანს გახსნილი საქმე კიბერშეტევის თაობაზე ამის ყველაზე ნათელი დასტურია. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, მაგრამ კითხვების დასმას ვერავინ ვერასდროს აგვიკრძალავს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.