17-06-2020
ამ კრიზისის და პანდემიის ყველაზე დიდი პრობლემა და მახასიათებელი ნიშანია გაურკვევლობის უმაღლესი ხარისხი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემა „ტავისუფალი ხედვის“ წამყვანის კითხვას, გახდება თუ არა საჭირო მეორე ტალღის შემთხვევაში ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უძლიერესი სისტემური სახელმწიფოებიც კვირაში ერთხელ იცვლიან პოზიციებს.
„ხან აცხადებენ, რომ ერთ თვეში იქნება ვაქცინა, ხან - ერთ წელიწადში; ხან აცხადებენ, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან - არ იქნება; ხან - ვირუსი სუსტდება, ხან - ძლიერდება. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ჩვენი ქვეყანა ეფექტურად და სწორად ვმართოთ გაურკვევლობის ამ ძალიან მაღალ ხარისხში. ეს არის გამოწვევა. ჩვენ რომ გარკვეულობის კიდევ უფრო მეტი დოზა გვქონდეს და მსოფლიოში სადმე არსებობდეს სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობილი ანალიზი, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას ან ეპიდემიოლოგიური, ან ეკონომიკური, ან ადამიანის სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით, გაცილებით სხვა სურათი გვექნება. ჩვენ ხომ ყველა ვხვდებით, რომ ჩვენი სოციალური ცხოვრებაც იცვლება, ჩვენი ცხოვრების დიჯიტალიზაციის ხარისხი იზრდება, დისტანციური შრომა ხდება ყოველდღიურობა, ნელ-ნელა საერთოდ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს, როგორც ხელისუფლებას, ის შეზღუდული რესურსი, რომელიც გვაქვს, უკიდურესად ფრთხილად და უკიდურესად სამართლიანად დავხარჯოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიზანი გვაქვს, რომ არც ერთ შემთხვევაში მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი იმის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდეს მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება, ეს უკიდურესად მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებისთვის. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს არის ერთადერთი საბოლოო შედეგი, რომ, თუ მეორე ტალღა იქნება, მსგავსი შეზღუდვები არ უნდა დაგვჭირდეს, ეს იქნება გამარჯვება. ჩვენ რომ ახლა ვირუსს ვმართავთ და არ გვაქვს ინფიცირების და გარდაცვალების ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც სხვა ქვეყნებს, ამის ფასი ძალიან შემცირდება, თუ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწია შეზღუდვების დაწესება და ეკონომიკური ფასის გადახდა. ჯერ ჩვენ ეს ეკონომიკური ფასი არ გადაგვიხდია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში სრული კარანტინი არ გამოცხადებულა, მაშინაც, როცა ქვეყანაში იყო საგანგებო მდგომარეობა, სისტემური სამრეწველო კომპანიები მუშაობდნენ და სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი დღითაც არ გაჩერებულა.
„მეტსაც გეტყვით, როდესაც მარნეული და ბოლნისი კარანტინის რეჟიმით ჩაკეტილი იყო, ჩვენი ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებს აწარმოებდნენ და პირველი მოსავალი როცა მიიღეს, შევძელით და ისიც გამოვიტანეთ. ჩვენ ქვეყანაში შუქი არ ჩაგვიქრია, არ გაგვიკეთებია ისე, რომ ჩვენი მოქალაქისთვის ქუჩაში გამოსვლა შეგვეზღუდა, გარდა კომენდანტის საათისა - 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. ჩვენ ეკონომიკაში ჟანგბადი დავტოვეთ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდით ბალანსზე. ეს ოქროს შუალედი, ეს ბალანსი არის წარმატების ერთადერთი გასაღები. საბოლოო ჯამში ეს მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როდესაც მსოფლიო გლობალურად პანდემიას დაასრულებს და გაიმარჯვებს, საბოლოო შეფასება იქნება, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენისთვის ვინ რამხელა ეკონომიკური ფასი გადაიხადა. ეს იქნება შეფასების ყველაზე მნიშვენელოვანი კრიტერიუმი. ეს იქნება ეფექტურობის მაჩვენებელი, პოსტპანდემიურ ეპოქაში, გლობალურ კონკურენციაში ვინ უფრო მზად იქნება, სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური პოტენციალი. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ როდესაც მსოფლიო შეთანხმდება, რომ პანდემია დავამარცხეთ, რა ფორმაში იქნება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.