გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საქართველოში უკიდურესად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ელიტები შეიცვალოს

17-06-2020


თუ მმართველი გუნდი ასე კომფორტულად მოერგო ამ ორპოლუსიანობას, როგორ წარმოგიდგენიათ, მმართველ გუნდში იმდენი გონიერება არ გვყოფნის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ჩვენივე ნებით წავიდეთ? ლოგიკა არ არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის კითხვას, რას სთავაზობს მმართველი გუნდი საზოგადოებას, ოპოზიციის საპირწონედ.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რატომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი პროპორციული საარჩევნო სისტემა.

„საქართველოში უკიდურესად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ელიტები შეიცვალოს. პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალგაზრდა თაობა, ახალი ძალები და ეს პოლიტიკური არხები ისეა გადაკეტილი, რომ ეს შეუძლებელია. ჩემი ყველაზე დიდი გაკვირვება, პოლიტიკური ველის დაკვირვების შედეგად, იყო ის, რომ ყველაზე წარმატებულ, ნიჭიერ და კარგი განათლების ახალგაზრდებს, არ უნდათ პოლიტიკაში წასვლა. არავის უნდა პარტიული ცხოვრების დაწყება, ყველა მიდის კერძო სივრცეში, რომელიც ხანდახან სხვადასხვა სახისაა. პარტიული სივრცე იმდენად დისკრედიტებულია, რომ უბრალოდ გადაკეტილია ყველანაირი არხი და მოტივაცია ახალი თაობისთვის, აქტიურ პოლიტიკაში პარტიული სისტემის გავლით მოვიდნენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო დღეს არის საპარლამენტო დემოკრატია, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პარტიული სისტემა ყველაზე სწორი გზაა, როგორ შეიძლება ადამიანი პარლამენტის გავლით რეალურ პოლიტიკაში მოხვდეს. ეს არის ყველაზე სწრაფი და მოკლე გზა, რომ პოლიტიკური ელიტები ქვეყანაში შეიცვალოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს პოლიტიკური კონტექსტი ქვეყანაში სამწუხაროდ, შინაარსისგან დაცლილია.

„შემდგომ უკვე პოლიტიკური კონტექსტი გახდა მედიასივრცის ნაწილი, რომლის განუყოფელი შემადგენელი გახდა ჯერ ე.წ ფეიკ ნიუსის მოგონება, შემდეგ უკვე პროპაგანდისტული მექანიზმის ამუშავება და ამით პოლიტიკური დივიდენდების მიღება. აქ საკმაოდ არასწორი პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ, პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია არის იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური ელიტების სწრაფად ცვლილება და ახალი თაობა, ბევრად უფრო განათლებული, ორგანიზებული და ბევრად უფრო ეფექტური, ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930