17-06-2020
ჩვენი სისტემური ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო შევქმნათ, როგორც პლატფორმა, მსხვილი ქვეყნის ეკონომიკებს შორის, კომფორტული ვაჭრობისთვის და კომფორტული ბიზნესის კეთებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ საქართველო შეძლებს, რომ გახდეს კომპეტენციის, კანონმდებლობის, ინსტიტუციების სიძლიერის და კიდევ ბევრი რამით, ყველაზე მყარი და ძლიერი ქვეყანა, ეს გახდება ის პლატფორმა, სადაც ყველა კომფორტულად გააკეთებს ბიზნესს.
„საქართველოს 3.7 მილიონი მოსახლეობის, ნებისმიერი მიმართულებით, წარმოების სიმძლავრე, ჩინური ბაზრისთვის საერთოდ არაფერი არ არის. ჩინურ ბაზარზე ნებისმიერი ქართული პროდუქტი, სტანდარტებს თუ აკმაყოფილებს, უპრობლემოდ გაიყიდება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა. ამას დრო მოიტანს, ეს ესე იქნება. ჩვენი სისტემური ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო შევქმნათ, როგორც პლატფორმა, მსხვილი ქვეყნის ეკონომიკებს შორის, კომფორტული ვაჭრობისთვის და კომფორტული ბიზნესის კეთებისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და ჩვენ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების მიმართულებით რომ მივდიოდით, ძალიან კარგად გვესმოდა, რომ საქართველო, იმ სავაჭრო დეფიციტით, რომელიც გვქონდა, როდესაც ჩვენ მოთხოვნას, ჩვენით ვერ ვაკმაყოფილებდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი, დღეს, ნელ-ნელა და მიზანმიმართულად, ეტაპობრივად სწორდება, ეს პანდემია რომ არ ყოფილიყო, 2020 წლის დასაწყისში, ეს საკმაოდ დინამიურად სწორდებოდა. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ეს ქვეყანა უნდა შევქმნათ, როგორც პლატფორმა იმისთვის, რომ უდიდესმა ეკონომიკებმა, რომელთანაც ჩვენ შესანიშნავი სამართლებრივი ჩარჩოები გვაქვს, ერთმანეთთან ივაჭრონ და ბიზნესი აკეთონ აქ. ამის შესაძლებლობა არსებობს. მათ შორის ტრანზიტიც და მათ შორის, შეხვედრის ადგილიც. შეხვედრის ადგილი, გარდა იმისა, რომ კომპეტენციაა, საკმაოდ მაღალი დონის კომპეტენციას მოითხოვს. ამიტომ დაგვჭირდება, რომ აქაც, ვიაროთ გარკვეული დრო. ამიტომ დაგვჭირდება ახალი თაობა, რომელსაც უფრო მაღალი დასავლური ხარისხის განათლება აქვს და კიდევ ბევრი რამ. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები გააფორმა ჩინეთთან, ახლა ვაფორმებთ ინდოეთთან, გვაქვს ევროკავშირთან, ყველა მეზობელთან, ისრაელთან მოლაპარაკებებში ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვცდილობთ. ხომ უნდა გვესმოდეს, 3.7 მილიონიანმა საქართველომ რა შეიძლება აწარმოოს ისეთი, რომ მიზნად ჰქონდეს ყველასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები. არ არის ეს თვითმიზანი. ეს, რა თქმა უნდა, არის მიზანი, მაგრამ ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ეს ქვეყანა იყოს ყველაზე კომფორტული პლატფორმა, დიდი ეკონომიკების შეხვედრისთვის. მაგალითად, ვაჭრობის მოცულობები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირს და ჩინეთს თავი რომ დავანებოთ, მაგალითად თურქეთსა და ჩინეთს შორის, კონკრეტულ მაგალითებში აღარ წავალ. ჩვენ თუ შევძელით, რომ საქართველო გახდეს კომპეტენციის, კანონმდებლობის, ინსტიტუციების სიძლიერის, კიდევ ბევრი რაღაცით, ყველაზე მყარი და ძლიერი ქვეყანა, ეს გახდება ის პლატფორმა, სადაც ყველა კომფორტულად გააკეთებს ბიზნესს. შეხვედრის ადგილი, ასეც შეიძლება დავარქვათ და ეს შეიძლება გახდეს საერთოდ ქვეყნის პოზიციონირების ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სტუმარ-მასპინძლობა, ეს ჩვენი დღევანდელობა კი არის, ეს არის ჩვენი ტრადიციები. უნდა გვესმოდეს, რომ სტუმარ-მასპინძლობა მარტო ტურიზმს არ ნიშნავს, ან ტურიზმი არ არის მხოლოდ გართობის, ან ზღვაზე, ან მთის ტურიზმი. ტურიზმი შეიძლება სამედიცინო, ეს უნდა იყოს განათლება, მედიცინა, ბიზნესის კეთება, კომფორტული ტრანზიტი. ეს ყველაფერი უნდა იყოს. ეს შექმნის იმ გარემოს, რომელმაც უნდა მოიზიდოს უფრო მეტი ინვესტიციები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.