17-06-2020
თბილისში, ბაგრატიონი ქუჩაზე მდებარე კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
"ჩვენთან ორი პაციენტია შემოყვანილი. მამაკაცის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. კერძოდ, ქვედა კიდურების ღია მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ღია მოტეხილობა და წელის მალის მოტეხილობა. რაც შეეხება ქალბატონის მდგომარეობას. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.