17-06-2020
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) განაახლა იმ აეროპორტების სია, რომლებშიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გატარებაა აუცილებელი. ინფორმაციას ამის შესახებ Schengenvisainfo ავრცელებს.
საქართველოს აეროპორტები განახლებულ სიაში არ მოხვდა. ჩამონათვალი სააგენტოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა და ეყრდნობა ჯანმოს, დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს.
მხედველობაში მიღებულია ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა აქტიური შემთხვევების რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ინფიცირების ყოველდღიური სტატისტიკა, ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობისა და ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლები და სხვა.
ევროპულ ქვეყნებს შორის სიაში მოხვა ბელარუსის ყველა აეროპორტი, ბელგიის ყველა აეროპორტი, საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის აეროპორტები, იტალიის სამი რეგიონის (ემილია-რომანია, ლომბარდია, პიემონტი) აეროპორტები, ნიდერლანდებში ამსტერდამის, ეინდჰოვენი, მაასტრიხტისა და როტერდამის აეროპორტები, პოლონეთში კატოვიცეს აეროპორტი, პორტუგალიაში პორტოს და ლისაბონის აეროპორტები, რუსეთში კრასნოიარსკის მხარის, მოსკოვის, მურმანსკის, ნიჟნი ნოვგოროდის, როსტოვის ოლქის, სანკტ-პეტერბურგის, სვერდლოვსკისა და იაროსლავლის ოლქების აეროპორტები, ესპანეთის ოთხი რეგიონის (კასტილია და ლეონი, კასტილია-ლა მანჩა, კატალონია, მადრიდი) აეროპორტები, შვედეთში სტოკჰოლმის რეგიონის ყველა აეროპორტი, თურქეთის ყველა აეროპორტი, უკრაინაში ჩერნოვცისა და კიევის აეროპორტები, დიდ ბრიტანეთში ბირმინგემის, დონკასტერის, ისტ მიდლენდსის, გეტუიქის, გლაზგოს, ჰითროუს, ლიდსის, ლივერპულის, ლონდონის, ლუთონის, მანჩესტერის, ნიუკასლისა და სტენსტედის აეროპორტები.
მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.