18-06-2020
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, მუშაობის მნიშვნელოვან პაკეტს სოციალური ზრუნვა წარმოადგენს და სახელმწიფოს მიზანია მოქალაქეებზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება.
„ამ კომპონენტში გაერთიანებულები არიან ჩვენი ბავშვები, ხანდაზმულები და შშმ პირები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათზე ვიზრუნებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავძლიოთ ყველა ის პრობლემა, რაც დღემდე იყო იდენტიფიცირებული და დღემდე არსებობდა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან ყურადღება ასევე შრომით უსაფრთხოებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის დროს ეს კომპონენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია პანდემიის პირობებში.
„საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, შეიძლება ითქვას მეორე ქვეყანა აშშ-ის შემდეგ, სადაც მოხდა შრომითი უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან ყველა საჭირო რეკომენდაციის შემუშავება სამუშაო ადგილებზე COVID-ის არსებობის პირობებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის კუთხით“, - განაცხადა ტიკარაძემ.