18-06-2020
ოპოზიციაში თბილისში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი ავრცელებს.
როგორც ირკვევა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაძალადევში იყრის.
შალვა შავგულიძე – მთაწმინდის რაიონში იქნება კანდიდატი.
ელენე ხოშტარია – ვაკის რაიონში.
ჯერჯერობით კვლავ მიდის მსჯელობა ვინ იქნება კანდიდატი სამგორის ოლქში – ლევან ხაბეიშვილი თუ ზაალ უდუმაშვილი.
გლდანში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს, ხოლო ისანში გიორგი ვაშაძე.
ამასთან უცნობია, ოპოზიციის რომელი ლიდერი იყრის კენჭს საბურთალოს რაიონში.
2020 წლის 8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების შუამავლობით არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.
შეთანხმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი სულ 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით დაკომპლექტდება.
დედაქალაქს 8 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, დანარჩენი 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი ქვეყნის მასშტაბით დანაწილდება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური ბარიერი 1% უნდა იყოს.
საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით, ანუ თუ პირობითად საარჩევნო ბლოკში წარმოდგენილი იქნება 5 პარტია, ამ ბლოკისთვის ბარიერი განისაზღვრება 5%-ით.
ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.
ცვლილებების თანახმად, იმოქმედებს 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.
თუ პარტია 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ის უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს.
აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია, ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას დასჭირდება, როგორც საერთო ხმების 40%-ზე მეტის მიღება, ისე მაჟორიტარული ოლქების შესაბამისი პროპორციით, მოგება.
ვინც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს ეს მექანიზმი პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.
თუ 2024 წლამდე დღის წესრიგში დადგა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა, ანუ 120/30-ზე სისტემა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების აღნიშნული წესით ჩასატარებლად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა საჭირო. შეთანხმება, რომელიც 8 მარტს შედგა ორპუნქტიანია.
პირველი – ურთიერთგაგების მემორადუმი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ.
მეორე – მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვა, რომელიც შეთანხმების დადების დღიდან, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დავის საგანია.