გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა

19-06-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.
მიხეილ ჩხენკელმა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ჩოვიდ-19-ის პანდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა დიეგო კოლასს განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად განხორციელებული პროექტები გააცნო, რომელთაც სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა. ელჩის თქმით, სამინისტროს მკაფიო მითითებებს ჯანმრთელობისა და საგანმანათლებლო საკითხების შესახებ საქართველოში არსებული ფრანგული დაწესებულებები – კავკასიის ფრანგული სკოლა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით ასრულებენ.
მინისტრმა ელჩს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალური პროექტი გააცნო და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. უნივერსიტეტი, რომლის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა, სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს. მინისტრი მიესალმა საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან მსგავსი ერთობლივი პროგრამების განხორციელებას განათლების ყველა საფეხურზე და აღნიშნა, რომ რენის უნივერსიტეტმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ჩაერთოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით პროცესში.
მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ადრონული თერაპიის ცენტრი ფონდმა "ქართუმ" 40 მილიონი ევროთი დააფინანსა. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთაგან ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში.
მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იქ ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ჩაატარებენ. ლექციების წაკითხვა შესაძლებელი იქნება დისტანციურადაც. ამგვარი მიდგომა უნივერსიტეტმა ჯერ კიდევ პანდემიამდე შეიმუშავა.
შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული პროექტის - "ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის" შესახებაც ისაუბრეს. დიეგო კოლასის თქმით, საქართველოში დაგეგმილია ფრანგული ენის სასერტიფიკატო გამოცდების ცენტრის დაფუძნება, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით კი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის შესაბამისი ფონდები დაარსდება.
მიხეილ ჩხენკელმა ფრანგულ მხარეს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება შესთავაზა. ასევე ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების, კულტურული და სპორტული პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე და ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი დავიდ ტერტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930