გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როგორ მოქმედებს გენდერული სტერეოტიპები ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

19-06-2020

გენდერულ სტერეოტიპებზე ბოლო დროს საკმაოდ ხშირად საუბრობენ. განსაკუთრებული აქცენტი კი კეთდება იმაზე,  თუ რა გავლენას ახდენს ეს ფენომენი ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გენდერული სტერეოტიპების მიხედვით, ქალი "ზედმეტად ემოციურ" და"მგრძნობიარე" არსებად ითვლება, სენტიმენტების გამოვლენის გამო კი კაცები დაცინვის ობიექტები ხდებიან. საზოგადოებაში დამკვიდრებული ასეთი სტიგმები „ნორმად“ ქცეული გარკვეული შეხედულებების მიხედვით ცხოვრებას გვაიძულებს, ეს კი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე აუცილებლად აისახება. 


ფსიქოლოგების განმარტებით, როდესაც ქალებს ზედმეტი ემოციურობის გამო საყვედურობენ, ისინი ფიქრობენ, რომ მათი გრძნობები არაადეკვატური და გაზვიადებულია. ეს დაბალ თვითშეფასებას იწვევს. ასეთ სიტუაციაში ქალმა შეიძლება იფიქროს, რომ მის გრძნობებთან დაკავშირებით რაღაც რიგზე ვერ არის. სინამდვილეში ხომ თითოეული ადამიანის ემოცია მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერად გამოხატავს ის საკუთარ გრძნობებს.


საკუთარი ემოციების გამოხატვის გამო კაცებსაც ადანაშაულებენ, თუმცა გაცილებით იშვიათად. მათგან თავშეკავებას, სიტყვაძუნწობასა და ცივსისხლიანობას მოითხოვენ. ფსიქოლოგების შეფასებით, ეს მავნე სტერეოტიპია, რადგან ყველა ადამიანი თავს თავისუფლად უნდა გრძნობდეს, განიცადოს ემოციები და ისინი ჯანსაღი გზით გამოხატოს. თავშეკავება და ემოციებისგან თავის არიდება არაეფექტიანი სტრატეგიაა, რომელიც  საბოლოოდ ემოციურ აფეთქებას იწვევს. ეს კი გაცილებით საზიანოა, ვიდრე საკუთარი გრძნობების ეტაპობრივი გამოვლენა. 


საკუთარი რეაქციებისა და ემოციების კონტროლი ყველას არ შეუძლია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში ურთიერთობების გადახედვა და რეაგირების კონსტრუქციული ხაზის ჩამოყალიბებაა აუცილებელი. ეს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის პრობლემაა მაშინაც კი, თუ ეს ემოცია მას (ქალს ან კაცს) ზიანს აყენებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, თავად ავირჩიოთ, მათ საქციელზე რა რეაქცია უნდა გვქონდეს.


გენდერული სტერეოტიპების მიხედვით, კაცი პრობლემებს ჩუმად და უდრტვინველად უნდა გაუმკლავდეს, ამიტომაც ბევრ მათგანს ყოველთვის არ ესმის, რას გრძნობს. ქალები უფრო ხშირად არიან ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. სხვადასხვა აშლილობას სწორედ ეს ფაქტორები იწვევს.


აქვთ თუ არა ქალებსა და კაცებს განსხვავებული ფსიქიკური პრობლემები?


სტატისტიკის მიხედვით, ქალებისა და კაცების ფსიქიკური დაავადების მაჩვენებლები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ქალებს უფრო ხშირად უნიპოლარული დეპრესიის დიაგნოზს უსვამენ, კაცებში კი ამ მიმართულებით ალკოჰოლური დამოკიდებულება ლიდერობს. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეს განპირობებულია გენეტიკური ფაქტორით, რომელიც აშლილობის ამა თუ იმ ფორმისადმი კონკრეტული სქესის წარმომადგენლის მიდრეკილებას განსაზღვრავს. 


სპეციალისტების ნაწილი კი ამ საკითხს სხვაგვარად განმარტავს. მათი შეფასებით, ესა თუ ის ფსიქიკური დაავადება შეიძლება ნაკლებად ხშირად იყოს გამოვლენილი გარკვეული სქესის წარმომადგენლებში მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სპეციალისტს დახმარებისთვის იშვიათად მიმართავენ. კაცები, რომლებიც თავიანთ გრძნობებს უგულებელყოფენ, უბრალოდ არ აღიარებენ, რომ ისინი დეპრესიაში არიან. მათ შეიძლება იფიქრონ, რომ „ცუდი პერიოდი“ აქვთ და დროთა განმავლობაში პაცინეტის მდგომარეობა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც გახდეს. ქალებისთვის კი მძაფრი ემოციების განცდა, გამოხატვა და მათზე ხმამაღლა საუბარი უფრო მისაღებია. 


რაც შეეხება პიროვნული აშლილობის სტატისტიკას, ქალებთან შედარებით, კაცებს "სოციოპათის" (ანტისოციალური აშლილობა) დიაგნოზს სამჯერ უფრო ხშირად უსვამენ. ამასთანავე, ქალები შეადგენენ იმ პაციენტების 75% -ს, რომელთაც მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა დაუდგინდათ. ამ დაავადებების გავრცელებაზე ზემოქმედებს გენდერული სტერეოტიპებიც, რომელთა მიხედვითაც ქალებს ახასიათებთ არა ანტისოციალურობა, არამედ ემოციური გაუწონასწორებლობა და ისტეროიდულობა. 
 


რატომ არიან კაცები უფრო სიტყვაძუნწები, ვიდრე - ქალები? 


ამის მიზეზია გენდერული სტერეოტიპები, რომელთა მიხედვითაც ბიჭებს დუმილს ბავშვობიდანვე აჩვევენ. ეს ერთგვარი სოციალური უნარია. გენდერული სტერეოტიპების მიხედვით, გოგონებს ასწავლიან, რომ უნდა გათხოვდნენ, ჰყავდეთ შვილები და იყვნენ ლამაზები. ბიჭების შემთხვევაში დარიგების პათოსი განსხვავდება: „ბიჭები არ წუწუნებენ“, „ბიჭები არ ტირიან“. თუ ის მითითებებს ეწინააღმდეგება, უფროსები ამბობენ: „ჩვენი ბიჭი ტირის, სირცხვილი მას. ის ხომ გოგოსავით იქცევა!". 


საბავშვო ბაღსა და სკოლაში ბავშვებს ემოციების გამოვლენის საშუალება ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ ზრდასრულებში მოთხოვნა მკაცრდება. თუ ქალს პრობლემა აქვს, ის ხშირად ტირის და ამაზე ხმამაღლა საუბრობს. კაცი კი საკუთარ თავში იკეტება. უფრო მეტიც, ის მუდმივად დუმს! ამიტომაც როდესაც ქალი ამბობს: „ძვირფასო, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ან ვიმსჯელოთ ამა თუ იმ საკითხზე“, ამ დროს კაცი პანიკაში ვარდება. მას ესმის, რომ ამ ვერბალურ ბრძოლაში ის ძლიერი არ არის, ქალი თავის მოთხოვნებს კატეგორიულად ჩამოუყალიბებს, მას კი მათი შესრულება არ სურს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთი დუმილის შემთხვევაში, კაცი, როგორც წესი, საკუთარ თავს იდანაშაულებს.


შეუძლია თუ არა დუმილს ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა? 


დუმილის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებული ხასიათის თავისებურება, არამედ დაავადება, რომელსაც ალექსიტიმია (ემოციების აღწერისა და გადმოცემის უუნარობა) ჰქვია. ის თანამედროვე საზოგადოებაში კაცების დაახლოებით 30%-ს აწუხებს. ალექსიტიმია შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ასევე ძლიერი სტრესის ან ხანგრძლივი დეპრესიის შედეგად ჩამოყალიბდეს. ეს არის გარე სამყაროს აგრესიაზე ორგანიზმის ერთგვარი რეაქცია. ალექსიტიმიის მქონე ადამიანებს არ ესმით საკუთარი გრძნობები და ემოციები, ამიტომაც სხვების მიმართაც ინდიფერენტულები არიან. მათ აღარ აქვთ თანაგრძნობის, თანაგანცდის ან სიბრალულის შეგრძნება, ძალიან პრაგმატულები ხდებიან და ცხოვრებისადმი შემოქმედებით მიდგომას კარგავენ. რა თქმა უნდა, ადამიანი ემოციების არარსებობას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, ამიტომაც აქ აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930