20-06-2020
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, 10 წლის თავზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შედეგები აქვს; ყველა თანხმდება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე სახელმწიფოებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს და სასიამოვნოა, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ლიდერია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს.
პრემიერის პრესსპიკერის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა, მიეღო ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთეები, როგორიცაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა.
„ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპარლამენტარები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად ამბიციური გეგმები იმისთვის, რომ შემდგომი ათწლეულებიც იყოს ასეთივე წარმატებული. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული გზავნილები ემთხვევა იმ ხედვას, რაც ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში გააჩნია. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ხელშესახები მიზნები, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობა გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტიანი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, უშუალოდ დაინახონ ის სიკეთეები, რა მოაქვს ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოსთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს ეკონომიკურად და გაზარდოს ის შესაძლებლობები, რომელიც ლოგისტიკურად მარტივად დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირთან და შესაბამისად, კიდევ უფრო გაუადვილებს წვდომას ევროპულ ბაზრებზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალ თაობებზე, რაზეც ასევე საუბრობენ ევროპარლამენტარები. ეს ხელს შეუწყობს მომავალ თაობებს, მიიღონ როგორც განათლება, ასევე გამოცდილება ევროპულ სახელმწიფოებში, რაც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ დავაბრუნოთ ევროპულ ოჯახში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობის მინიჭებას, თუმცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკას შეუძლია, დააჩქაროს ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესი. დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის ამბიციური დღის წესრიგი იყოს შემუშავებული, ასევე, ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში, 3 ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზონ.