გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექზე კენჭისყრა გადადეს

24-06-2020

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

კომიტეტების სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე, სხდომაზე დამსწრე ექიმებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა კოვიდ პანდემიის დროს გამოჩენილი თავდადებისათვის.

„სადაც ექიმები არიან, იქ აუცილებლად უნდა ითქვას მადლობა. კოვიდ-19-თან ბრძოლაში თქვენი როლი იყო დიდი, პარლამენტის, დეპუტატების, საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას, მაგრამ ბრძოლას სჭირდება ბოლომდე მიყვანა ისე, რომ თქვენი იმედი საზოგადოებას როგორც ყოველთვის ჰქონდა, ისევ თქვენს იმედად რჩებიან ისინი ჩვენთან ერთად და ამ საქმეს ყველასათვის სასურველი შედეგით დავასრულებთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

განსახილველი კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პრინციპების დონეზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნია, წარადგინა.

მისი თქმით, ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გარკვეულწილად გაფართოებას, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის მწარმოებელი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ. კონკრეტულად, ზუსტდება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობები ანგარიშვალდებულებასთან მიმართებაში, ასევე იზრდება წლის განმავლობაში შემოწმების სიხშირე - ერთიდან სამამდე. ამასთან ერთად, წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედება საჭიროებს რამდენიმე კანონში ცვლილებებს - ესაა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ჩნდება ჩანაწერი, რომ მარეგულირებელი უფლებამოსილია შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება, თუ აღმოჩნდა გადაცდომა დადგენილი მოთხოვნებიდან და შეუსაბამობა სანებართვო და სალიცენზიო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან. აქამდე ამ ტიპის უფლებამოსილება მარეგულირებელს არ ჰქონდა, და ძირითადად პროცესი მიყვებოდა დაჯარიმების მექანიზმს და ხარვეზი დიდ ხნის მანძილზე რჩებოდა აღმოუფხვრელი.

როგორც მან აღნიშნა, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები უკავშირდება მარეგულირებლის უფლებამოსილებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჰქონდეს პირდაპირი რეაგირება საჩივარზე და შემთხვევა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, თუ მას პაციენტი სამედიცინო მომსახურების სუბიექტთან მიმართებაში საჩივრით მიმართვას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები უკავშირდება საჯარიმო სანქციების ოდენობის გაზრდას. პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც სამედიცინო დაწესებულება მარტივი ფინანსური ანალიზის შედეგად იღებდა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რა უფრო ნაკლებ ხარჯიანი იქნებოდა მისთვის - ჯარიმის გადახდა თუ არსებული მნიშვნელოვანი კრიტიკული ხარვეზის აღმოფხვრა, ამდენად, აქედან გამომდინარე მთალ რიგ შემთხვევებში ჯარიმების ოდენობა გაორმაგებულია, ან გასამმაგებული, აღნიშნა მომხსენებელმა

საკანონმდებლო პაკეტი წარმოდგენილია დაჩქარებული წესით განსახილველად, რამაც კანონმდებელთა უმრავლესობის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. კომიტეტების წევრთა აზრით, კარგი იქნებოდა თუ მათ მეტი დრო ექნებოდა ცვლილებათა პროექტის დეტალურად გასაცნობად და გადაწყვეტილების მისაღებად. კითხვების უმრავლესობაც იმას უკავშირდებოდა, თუ რატომ იყო მოთხოვნა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვაზე.

„მე მაქვს კითხვაც და სურვილიც მქონდა, მეტი დრო გვქონოდა ჩვენ ამის განსახილველად, იმიტომ რომ არ არის ეს მცირე ცვლილებები და უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვდა. ჯარიმების ზრდის დინამიკაა მოცემული და აშკარად გარკვეული კორექტირება რომაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად, ეს ფაქტია. მაგრამ რატომ დაჩქარებული წესით? მე მესმის რომ ეს კანონი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლის დაცვას და მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა იყოს აღმოფხვრილი ყველა ხარვეზი, მაგრამ ასე ნებისმიერი კანონი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მაშინ ყველა მათგანი დაჩქარებული წესით განვიხილოთ. ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, რომ მეტი დრო გვქონოდა მის განსახილველად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტების წევრებმა მინისტრის მოადგილისგან უფრო მეტი არგუმენტები მოითხოვეს იმისათვის, თუ რატომ იქნა წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განსახილველად. დეპუტატების კითხვები ეხებოდა ჯარიმების საკითხს და იმ ფაქტორებს, რამაც ამ ჯარიმების გაზრდა გამოიწვია, დაწესებულების ლიცენზიის შეჩერების საკითხს, მარეგულირებლისთვის უფლებამოსილების მიცემის საკითხს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს პირდაპირი რეაგირება საჩივარზე, ასევე იმ საკითხებს, რამაც დღის წესრიგში დასვა მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა და ა. შ.

იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ცვლილების განხორციელების აუცილებლობა, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ყველაფრის დაკავშირება კოვიდთან, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, თუმცა კოვიდის ეპიდემიის დროს კიდევ უფრო მწვავედ გამოვლინდა ის ხარვეზები, რომლებიც მარეგულირებელ გარემოს ჯანდაცვის სისტემაში აქვს. მისი თქმით, ქვეყანა მეორე ტალღას ვერ გადაიტანს იმის გარეშე, თუ არ გვექნება შესაფერისისი მარეგულირებელი ჩარჩო და უფლებამოსილება მარეგულირებელი სააგენტოსთვის, რათა მან განახორციელოს სათანადო ღონისძიებები.

„ამის მაგალითია ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული ის ხარვეზები, რომლის შედეგი გამოვლინდა საკმაოდ მაღალი დაინფიცირების სახით სამედიცინო პერსონალში. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პასუხისმგებლობა მარეგულირებლის მხარეს, რომელსაც დიდი ხანია აკისრია პასუხისმგებლობა ხარისხის უზრუნველყოფაზე, თუმცა მას ამისთვის ქმედითი ბერკეტი რეალურად დღეს აქვს ძალიან შეზღუდული სახით და წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, ამ ბერკეტის ამოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა სამომავლო პერიოდში, როდესაც ჩვენ ვემზადებით ისევ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, ძალიან მწვავედ დაისვა მარეგულირებელი გარემოს გამკაცრების საკითხი განსაკუთრებით ინფექციის კონტროლთან მიმართებით. ამდენად, მარტივად მეორე ტალღას ქვეყანა ვერ გადაიტანს იმის გარეშე, თუ არ გვექნება შესაფერისის მარეგულირებელი ჩარჩო და უფლებამოსილება მარეგულირებელი სააგენტოსთვის, რათა მან განახორციელოს სათანადო ღონისძიებები,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილება, რომლის საფუძველზეც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება და მას უფლება ექნება კლინიკებიდან დოკუმენტაცია სასამართლოს განჩინების გარეშე ამოიღოს და მან დეტალურად განმარტა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ამის აუცილებლობა. მომხსენებლის ინფორმაციით, სამწუხაროდ ხშირი იყო მცდელობა სამედიცინო დოკუმენტაციის შეცვლისა, როდესაც სამედიცინო დაწესებულება ამას სასამართლო შეტყობინების მიღების შემდეგ ახდენდა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას ასევე ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, ბიზნეს ასოციაციისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ასევე შენიშვნები და წინადადებები ჰქონდათ წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

გამოითქვა მოსაზრებები, რომ კარგი იქნებოდა მანამ, სანამ ცვლილებები წარმოდგენილი იქნებოდა პარლამენტში განსახილველად, გამართულიყო ფართო კონსულტაციები, მომხდარიყო ცალკეული დებულებების შეჯერება, თორემ წარმოდგენილი ცვლილებები შეიძლება სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეჩერების საფუძველიც კი გახდეს. ბევრმა არ გაიზიარა ჯარიმების გაზრდის საკითხიც იმ მოტივით, რომ ამან შეიძლება მომსახურების საფასური გაზარდოს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას აზრით, საჭიროა კანონპროექტში ჩაიდოს მექანიზმები, რომ კეთილშობილური მიზნებით დაწყებული რეგულირება ვინმემ მერე არაკეთილშობილური მიზნებისათვის არ გამოიყენოს.

მისი თქმით, საჭიროა დაზუსტდეს ის მექანიზმი რომელითაც მიუკერძოებელი გადაწყვეტილება იქნება დაზღვეული, ასევე აუცილებელია მარეგულირებელმა შემოწმება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განახორციელოს, ოღონდ აგენტისათვის შეუტყობინებლად, რაც მოულოდნელობის ეფექტის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით კი, განსახილველად წარმოდგენილ საკითხს სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ჰყავს და არა მხოლოდ ისინი, ვინც დღეს სხდომაზე არიან წარმოდგენილი, ამიტომ მათი ინტერესებიც გასათვალისწინებელია.

„ჩვენი მიზანიც არის ის, რომ საბოლოოდ იქნეს შეჯერებული საკითხი. საჭიროა ოქროს შუალედის მოძებნა, ამისთვის კი დამატებითი კონსულტაციებია საჭირო. ამასთანავე გადაწყვეტილებები სწრაფად მისაღებია და ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს გონივრული და სასარგებლო და არა, პირიქით, საზიანო თუნდაც ვინმესთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საბოლოოდ, ორივე კომიტეტმა კენჭისყრის გადადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930