25-06-2020
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ, გადაცემა „რეაქციაში“სკანდალური რეპორტაჟი დააანონსა.
მისი თქმით, მაყურებელი შაბათ საღამოს გაიგებს, ბოკოვი ბოკოვია თუ არა. გარდა ამისა, მოპოვებული აქვთ აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინგუშეთშია ჩაწერილი.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მკითხა, როდის გავიგე, გიორგი გაბუნიას მკვლელობა, რომ იგეგმებოდა.
ასევე აინტერესებდათ საიდან მოვიპოვე გასულ შაბათს, ეთერში გასულ რეპორტაჟში გამოქვეყნებული მასალები.
ამის შემდეგ ყველა კითხვა ეხებოდა სიუჟეტში გაშვებულ დოკუმენტებს, ინტერვიუებს და ფაქტებს, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ.
დამრჩა განცდა, რომ ეს მასალები მათ პირველად ნახეს ჩვენს ეთერში. მათ გვკითხეს, ეს დოკუმენტები ჩვენ შენახული გვაქვს თუ არა და ახლა სად ინახება.
ვუპასუხეთ, რომ ჩვენთვის წყაროს უსაფრთხოების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, რომ არ მოხდეს წყაროს იდენტიფიცირება და მას არ შეექმნეს პრობლემები, მსგავსი ტიპის დოკუმენტაციას ვშლით.
ასევე დაინტერესდნენ რა მასალები გვაქვს ამ შაბათის გადაცემისთვის იგივე თემაზე.
ძალიან საინტერესო რეპორტაჟს გიორგი გაბუნიას საქმეზე მაყურებელი შაბათ საღამოს ჩვენს ეთერში იხილავს.
ბოკოვი ბოკოვია თუ არა ამას მაყურებელი სწორედ ჩვენი გადაცემიდან გაიგებს. დოკუმენტებთან ერთად მოვიპოვეთ აუდიო მასალები და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩაწერილია ინგუშეთში.“ – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ჟურნალისტი დღეს იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა.
დაკავებული ვასამბეკ ბოკოვია, თუმცა შესაძლოა ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იყოს.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ ამ შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო – ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.