26-06-2020
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. ამ საკითხზე განცხადება შსს-ში დღის ბოლომდე გაკეთდება.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებმა მცხეთის განყოფილებიდან უკვე გლდანის პოლიციის სამმართველოში გადაინაცვლა. საქმის მთავარი ფიგურანტები წუხელ განყოფილებაში იმყოფებოდნენ, მათ შორის, სპორტსმენები და ოქროს მოწმე - გური ამირხანაშვილი. ის პოლიციაში იმ მორაგბეების ამოსაცნობად დაიბარეს, რომლებიც 19 ივნისს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.
„მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარდა ამოცნობა, შესაბამისად, ბატონი გური მობრძანდა და ამოიცნო პიროვნება, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს პიროვნება ჩვენს მანქანაში იჯდა და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის არჩილ ბერიანიძის თქმით, კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და სამქეს ნათელი მოეფინოს.
„როგორც წინა შემთხვევებში, მომავალშიც მზად ვართ, ნებისმიერ დროს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, - აღნიშნა არჩილ ბერიანიძემ.
19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.